უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსი სამხედროები საომარ მოქმედებებს აგრძელებენ, თუმცა მათი წინსვლა მნიშვნელოვნად არის შემცირებული
უკრაინის გაერთიანებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსი სამხედროები საომარ მოქმედებებს აგრძელებენ, თუმცა მათი წინსვლა მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
გენშტაბის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციებს სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ოპერაციულ ზონებში. ბრძოლები მიმდინარეობს დედაქალაქ კიევის შემოგარენში, სადაც რუსებს მნიშვნელოვანი წინსვლა არ გააჩნიათ, ასევე მიმდინარეობს ქალაქ ჩერნიგოვის დაცვა; სამხრეთ ოპერაციულ ზონაში ხორციელდება თავდაცვითი ოპერაციები ზღვის სანაპირო ზოლის დასაცავად.
ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალები წარმატებით იგერიებენ საჰაერო-სარაკეტო დარტყმებს და რუსეთის საჰაერო თავდასხმის საშუალებებს, ასევე უზრუნველყოფენ კრიტიკული ობიექტებისა და შეიარაღებული ძალების დაჯგუფებების თავდაცვას. სხვა მიმართულებებით, მიმდინარეობს სტაბილიზაციური ოპერაციები და ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების შესრულება.
უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები დემორალიზებული არიან და უკრაინის სხვადასხვა ქალაქში სულ უფრო ხშირად ახორციელებენ ძარცვას და საერთაშორისო ჰუმანიტარული ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევას. გენშტაბის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ქალაქებში, მოსახლეობაზე ზემოქმედების მიზნით, რუსეთი იყენებს ფსიქოლოგიური ბრძოლის დანაყოფებს.