უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური აცხადებს, რომ F-16-ის კატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიება ამერიკელი პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობს
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშუკი აცხადებს, რომ F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის კატასტროფის მიზეზი იქნება დადგენილი, გამოძიება ამერიკელი პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობს.
ოლეშუკმა აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
„მთელი მსოფლიო შეძრა საშინელმა საავიაციო კატასტროფამ F-16-ის მონაწილეობით, რომელსაც ავიაგამანადგურებლების ერთ-ერთი საუკეთესო უკრაინელი მფრინავი ალექსეი მესი მართავდა. დიახ, 2024 წლის 26 აგვისტოს, უკრაინაზე მასშტაბური იერიშის დღეს ჩვენ დავკარგეთ მომზადებული მფრინავი, დავკარგეთ F-16, თუმცა არ დაგვიკარგავს ადამიანობა და გამარჯვების რწმენა. უპირობოდ, ჩვენ გავარკვევთ ავიაკატასტროფის მიზეზებს“, – წერს ოლეშუკი.
მისი თქმით, სახელმწიფოს უმაღლესმა ხელმძღვანელობამ დაუყოვნებლივ მიიღო ანგარიში კატასტროფის შესახებ, გამოძიებაში ჩაერთნენ უკრაინის პარტნიორები აშშ-დან.
ამასთან, ნიკოლაი ოლეშუკმა გააკრიტიკა უკრაინელი დეპუტატის, ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მარიანა ბეზუგლაიას განცხადება კატასტროფის მიზეზების შესახებ. ოლეშუკის განცხადებით, დეპუტატი უკრაინის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის დისკრედიტაციის ინსტრუმენტად იქცა.
„დეტალურად უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა, რა გარემოებები იყო, ვისი პასუხისმგებლობაა. ეს გაკეთდება. არ შეიძლება, მსგავსი ინციდენტების შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ გასაჯაროება და მედიისთვის დეტალების მიწოდება. ქვეყანაში ომია“, – წერს საჰაერო ძალების მეთაური.
ცნობისთვის, ბეზუგლაიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. მისი თქმით, ეს უკვე მესამე მსგავსი შემთხვევაა.