უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ. ამის შესახებ უწყების წარმომადგენელმა, გიორგი ტიხიმ უკრიანულ მედიას განუცხადა.

„ცნობები იმის შესახებ, რომ გერმანია თითქოს წყვეტს უკრაინის სამხედრო დახმარებას, არაკორექტულია. ეს არის ისეთივე მანიპულაცია, როგორც წინა ცნობები მომავალი წლისთვის დახმარების ორჯერ შემცირების შესახებ“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ გერმანიაში ნამდვილად გრძელდება საბიუჯეტო პროცესი, რომელსაც უკრაინა ყურადღებით აკვირდება. ტიხის თქმით, მოსალოდნელია, რომ გერმანიის ბიუჯეტი ნოემბერში დამტკიცდება და მხოლოდ მერე გახდება ცნობილი მომავალი წლისთვის უკრაინის მხარდაჭერის დონე.

„ახლა ისევე, როგორც გასულ წელს, გერმანიის მთავრობას ბიუჯეტის პროექტში დაგეგმილი აქვს უკრაინისთვის დახმარების განსაზღვრული თანხა. ის ანალოგიურია იმისი, რომელიც დაგეგმილი იყო გასულ წელს საბიუჯეტო პროცესის ეტაპზე. შარშან ეს თანხა გაიზარდა შემოდგომაზე, ბიუჯეტის მიღების საპარლამენტო ეტაპზე“, – განაცხადა მან.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, უკრაინული მხარე განაგრძობს გერმანელ პარტნიორებთან მუშაობას უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე.

მისი განცხადებით, უკრაინული მხარე მადლობელია გერმანიის, რომელიც რჩება ევროპულ ქვეყნებს შორის ლიდერად უკრაინის მხარდაჭერის მოცულობის მიხედვით.

„ვიმედოვნებთ, რომ გერმანიის მთავრობა ამ წელსაც იპოვის უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებების დამატებითი ფინანსირების შესაძლებლობას“, – აღნიშნა ტიხიმ.

​უწყების წარმომადგენელმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივებიდან შემოსავლების გამოყენების შესახებ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების გადაწყვეტილების შესრულება სწრაფად მოხდება. უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ ეს ფინანსები უნდა დაემატოს ევროპულ და გერმანულ დახმარებას და არა ჩაანაცვლოს ის.

მანამდე გამოცემა „პოლიტიკომ“ გერმანულ მედიაზე დაყრდნობით დაწერა, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების გამოყოფას შეწყვეტს.