ჯონ კირბი - უკრაინისთვის რუსეთის შიგნით შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების მიწოდებასთან დაკავშირებით ჩვენი შეხედულება არ შეიცვლება, აშშ-მა პუტინის გაფრთხილება სერიოზულად მიიღო
უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დასავლური შეიარაღების გამოყენებასთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკაში უახლოეს მომავალში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან გეგმავს შეხვედრას. კირბის თქმით, შეხვედრის შემდეგ რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით განსხვავებული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
„ჩვენი შეხედულება არ შეიცვლება უკრაინისთვის რუსეთის შიგნით შორ დისტანციაზე დარტყმის შესაძლებლობების მიწოდებასთან დაკავშირებით. არ მოველოდი რაიმე მნიშვნელოვან განცხადებას ამის შესახებ. შეერთებულმა შტატებმა სერიოზულად მიიღო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გაფრთხილება, რომ ის განიხილავს დასავლეთს კონფლიქტში უშუალოდ ჩართულად, თუ უკრაინა რუსეთის მიმართულებით დასავლეთის წარმოების შორი მანძილის რაკეტებს გაუშვებს. ეს არ არის რიტორიკა, რომელიც აქამდე არ გვსმენია. მან აშკარად დაამტკიცა, რომ შეუძლია აგრესია… ასე რომ, დიახ, ჩვენ სერიოზულად ვიღებთ ამ კომენტარებს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების უშუალო მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში ცვლის მის არსს და რუსეთი იძულებული იქნება, მიიღოს გადაწყვეტილებები შექმნილი საფრთხეების გათვალისწინებით.