უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის არმიის ქმედებები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს მისიის ვიზიტს საფრთხეს უქმნის
უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის არმიის ქმედებები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს მისიის ვიზიტს საფრთხეს უქმნის

რუსეთის არმიის ქმედებები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისიის ვიზიტს საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„თავისი ვალდებულებების დარღვევით, რუსეთის არმია მძიმე შეიარაღებიდან ბომბავს დერეფანს, რომლის გავლითაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიედან ატომურ სადგურამდე უნდა მივიდეს. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს საშიში პროვოკაციები და უზრუნველყოს საერთაშორისო სააგენტოს სეპციალისტებისთვის უსაფრთხო დერეფანი“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის წევრები ზაპოროჟიედან რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში მდებარე ატომური ელექსტროსადგურის მიმართულებით დღეს გაემგზავრნენ.

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს უკვე რამდენიმე თვეა, რუსული ძალები აკონტროლებენ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ატომურ სადგურზე ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა.