უკრაინის საგარეო უწყება - ვაფრთხილებთ ბელარუსის ოფიციალურ პირებს, არ დაუშვან ტრაგიკული შეცდომა, საზღვრის დარღვევის შემთხვევაში ჩვენი სახელმწიფო მიიღებს ზომებს თავდაცვის უფლების რეალიზაციისთვის
უკრაინის საგარეო უწყება - ვაფრთხილებთ ბელარუსის ოფიციალურ პირებს, არ დაუშვან ტრაგიკული შეცდომა, საზღვრის დარღვევის შემთხვევაში ჩვენი სახელმწიფო მიიღებს ზომებს თავდაცვის უფლების რეალიზაციისთვის

კიევი ბელარუსს აფრთხილებს, რომ უკრაინის საზღვრიდან უკან დახიოს შეიარაღებული ძალები და შეწყვიტოს არამეგობრული ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავს, ჩაერთოს ომში. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში ვკითხულობთ: „ჩვენ ვაფრთხილებთ ბელარუსის ოფიციალურ პირებს, მოსკოვის ზეწოლის ქვეშ არ დაუშვან თავიანთი ქვეყნისთვის ტრაგიკული შეცდომა“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაზვერვის მიერ მიწოდებული ცნობებით, ბელარუსი უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე გომელის რეგიონში, „სწავლების სახით“, თავს უყრის მრავალრიცხოვან პერსონალს, რომელთა შორისაც არიან სპეციალური დანიშნულების ძალები, შეიარაღება და სამხედრო აღჭურვილობა, ასევე „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მესამედი უკრაინის საზღვრის სიახლოვეს განათავსა, რაც უკრაინის მიერ საზღვრის სიახლოვეს მობილიზებული სამხედროების საპასუხო ზომად განმარტა.

„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ უკრაინას არასდროს მიუღია და არც აპირებს, მიიღოს არამეგობრული ქმედებები ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ“, – წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ბელარუსული ძალების კონცენტრირება ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგურის სიახლოვეს, „სწავლების ჩატარება სასაზღვრო არეალში ბირთვული ობიექტის სიახლოვეს, საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას და, ზოგადად, გლობალურ უსაფრთხოებას“.

„ბელარუსის მიერ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, გაფრთხილებთ, რომ ჩვენი სახელმწიფო მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას გაერო-ს ქარტიით უზრუნველყოფილი თავდაცვის უფლების რეალიზაციისთვის. შედეგად, ყველა კონცენტრირებული ჯარისკაცი, სამხედრო დაწესებულება და მიწოდების მარშრუტები ბელარუსში გახდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე“, – ნათქვამია განცხადებაში.