უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მოსკოვში ვიქტორ ორბანის ვიზიტი კიევთან შეთანხმების გარეშე მოხდა, პრინციპი „არავითარი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე“ ურყევია
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მოსკოვში ვიქტორ ორბანის ვიზიტი კიევთან შეთანხმების გარეშე მოხდა, პრინციპი „არავითარი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე“ ურყევია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში აღინიშნა, რომ ვიზიტი უკრაინასთან შეთანხმებისა და კოორდინაციის გარეშე განხორციელდა.

„ჩვენი სახელმწიფოსთვის პრინციპი – „არავითარი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე“ ურყევი რჩება და მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, მკაცრად დაიცვას იგი“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ შვეიცარიაში გამართულმა მშვიდობის პირველმა გლობალურმა სამიტმა, რომელშიც უნგრეთმაც მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ ასზე მეტი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია მშვიდობის ხედვას იზიარებს, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და გაერო-ს ქარტიის პატივისცემაზე.

ვიქტორ ორბანი მოსკოვში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართა.