უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობის მეორე სამიტში და შეუერთდნენ „მშვიდობის ფორმულას“
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობის მეორე სამიტში.
როგორც უკრაინელი დიპლომატი სოციალურ ქსელ X-ში წერს, კიევის მიერ შეთავაზებული „მშვიდობის ფორმულა“ არის უკრაინაში სამართლიანი მშვიდობისკენ ერთადერთი გზა.
„„მშვიდობის ფორმულა“ არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ. ჩვენ ვიწვევთ ყველა სახელმწიფოს, ლიდერს და ორგანიზაციას, რომელსაც ნამდვილად სურს მშვიდობის აღდგენა, შეუერთდეს „მშვიდობის ფორმულის“ დანერგვის ძალისხმევას, მთელი მსოფლიოდან უკვე ასამდე მონაწილესთან ერთად“, – წერს სიბიგა.
სიბიგას განცხადებით, მიმდინარე ომი არ არის ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტი, არამედ ეს არის ერთი ქვეყნის მიერ მეორეს წინააღმდეგ დაწყებული დამპყრობლური ომი.
„როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ომი უნდა დასრულდეს სამართლიანად, თუ გვინდა მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება. თუ გვინდა, აგრესორი ვაიძულოთ მშვიდობისკენ, მაშინ ჩვენ გვჭირდება გლობალური დიპლომატიური ფრონტი“, – აღნიშნა უკრაინის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სიბიგაც ცნობით, შვეიცარიაში გამართული მშვიდობის პირველი სამიტის დეკლარაციას 94-მა სახელმწიფომ მოაწერა ხელი და ახლა მიმდინარეობს შემდეგი სამიტისთვის მზადება.
„ვიწვევთ ყველას, შეუერთდნენ ჩვენს სამშვიდობო ძალისხმევას“, – აღნიშნა მინისტრმა.