უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობები შემდგომშიც განვითარდება და გაძლიერდება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო მიზნები – ეს არის სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატო-ში, დემოკრატიული ღირებულებების განვითარება და ეკონომიკური ზრდა“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში.
მინისტრის თქმით, უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აფასებს იმავე მხარდაჭერას საქართველოს მხრიდან.
„დარწმუნებული ვარ, რომ სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის შემდგომშიც განვითარდება და გაძლიერდება ჩვენი მეგობრული ხალხების საკეთილდღეოდ. ამ რთულ დროს, კორონავირუსის პანდემიის წარმატებით დაძლევისთვის ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ დამატებითი ძალისხმევა ორმხრივი ურთიერთქმედების ყველა შესაძლო პლატფორმის ეფექტიანი გამოყენების მიზნით, კერძოდ, უნდა განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობა“, – ნათქვამია დმიტრო კულებას წერილში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.