უკრაინის საელჩო საქართველოს უკრაინელი ხალხის დახმარებისთვის მადლობას უხდის
მადლობას ვუხდით ყველა ქვეყანას, კერძოდ კი საქართველოს, რათა მიიღეს, შეიფარეს, განათავსეს და აღმოუჩინეს ყველა საჭირო დახმარება ჩვენს მოქალქეებს, რომელთა უმეტესობა ასაკოვანი ხალხი, ბავშვები და ქალები არიან, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში უკრაინის საელჩოს პირველმა მდივანმა ოლექსანდრ შულგამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა, კერძო სექტორი და მოქალაქეები ომის დაწყების პირველივე დღიდან ცდილობენ, შეაგროვონ დახმარება უკრაინისთვის.
„დღევანდელი დღის მონაცემებით, საელჩოში მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა 710 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, ორი თვითმფრინავი და 38 სატვირთო მანქანა. საელჩოს ანგარიშზე უკრაინის საჭიროებებისთვის შემოვიდა 985 000 ლარი, 45 000 დოლარზე მეტი, ასევე 1 500 ევრო. ახლა უკრაინაში დახმარებას საჭიროებს 6 მილიონი უკრაინელი. ყველაზე მეტად მათ ბავშთა კვება, ჰიგიენური საშუალებები, სამედიცინო პროდუქტი და მედიკამენტები სჭირდება, ვინაიდან დახმარების საჭიროების მქონე მილიონ ნახევარზე მეტი ბავშვია“, – განაცხადა ოლექსანდრ შულგამ.
ამასთან, საკონსულო საკითხებში მეორე მდივანის ირინა მანხონუსის თქმით, საქართველოში 20 ათასზე მეტი უკრაინიდან დევნილია რეგისტრირებული.
„დღეის მდგომარეობით, უკრაინიდან 10 მილიონზე მეტი დევნილია. საქართველოში 20 ათასზე მეტი დევნილია რეგისტრირებული. საქართველოში მათ მიიღეს არა მხოლოდ თავშესაფარი, არამედ ქართველების გულისხმიერება და სითბო. ლტოლვილთა გაერო-ს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელსა და საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით უკრაინის საელჩო ომს გამოქცეულ უკრაინის ყველა მოქალაქის საჭიროებებს უზრუნველყოფს. ახლა უკრაინის საელჩოს მთავარი მიზანი საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების დოკუმენტირება და აღრიცხვაა. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 100-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი უკვე სწავლობს ქართულ სკოლებში და დადის ბაღში. მადლობა განათლების სამინისტროს მზაობისთვის, რომლის მიხედვითაც, გრუშევსკის სკოლის ბაზაზე სპეციალური კურსები გაიხსნება, უკრაინელი პედაგოგების ჩართულობით“, – განაცხადა ირინა მანხონუსმა.