„უკრაინის რკინიგზის“ მმართველი საბჭოს წევრმა, ირაკლი ეზუგბაიამ თანამდებობა დატოვა
„უკრაინის რკინიგზის“ მმართველი საბჭოს წევრმა, კომერციული საკითხებისა და ლოჯისტიკის დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ლიგა“ წერს.
მედიასაშუალების ცნობით, თანამდებობის დატოვების მიზეზად მან კორუფცია და რეფორმების ნელი ტემპი დაასახელა.
„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა გენერალური დირექტორის სრული მხარდაჭერით. ვიმედოვნებ, რომ პირადი საკითხი, რომელიც დომინირებდა გადაწყვეტილებების რაციონალურ მიღებაზე, დღის წესრიგიდან მოიხსნება და რეფორმა დაიძვრება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, სატვირთო მიმართულების ხელმძღვანელობამ დაიწყო ტვირთის შემცირების ტენდენციის განვითარება.
„არსებობს გარკვეული ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული ეროვნული სატვირთო გადამზიდავით. დაიწყო დევნა, რომელიც გონივრულ საზღვრებს გასცდა. ამასთან, უკრაინის რკინიგზის რეფორმა ნელა მიდის, ის ჯერ კიდევ 10 წლის წინ უნდა ჩატარებულიყო. რეფორმების დანერგვის გარეშე, ვერ ვხედავ პოზიტიური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას“, – განაცხადა ირაკლი ეზუგბაიამ.