უკრაინის რადამ გაზარდა გადასახადები მოქალაქეებისთვის, მათ შორის სამხედრო მოსაკრებელი
უკრაინის რადამ გაზარდა გადასახადები მოქალაქეებისთვის, მათ შორის სამხედრო მოსაკრებელი. ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას.
კერძოდ, როგორც მედია წერს, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი გადასახადების გაზრდის შესახებ, რაც აუცილებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსების გასაზრდელად.
სხვა ცვლილებებთან ერთად, უკრაინის პარლამენტმა გაზარდა სამხედრო მოსაკრებლის განაკვეთები მათთვის, ვინც უკვე იხდიდა მას, ასევე, შემოიღო აღნიშნული მოსაკრებელი გადასახადის გადამხდელთა კიდევ ერთი კატეგორიისთვის: მათთვის, ვინც მუშაობს გამარტივებული საგადასახადო სისტემით. კერძოდ, მცირე საწარმოების მფლობელებისა და თანამშრომლებისთვის.
კანონის მიხედვით, ახალი გადასახადები ომის დასრულებამდე იქნება ძალაში. უკრაინული მედიის ცნობით, სამხედრო მოსაკრებელი იზრდება ფიზიკური პირების შემოსავლების 1.5%-დან 5%-მდე. გადასახადის განაკვეთის ზრდა არ შეეხება სამხედრო მოსამსახურეებს. გარდა ამისა, სამხედრო მოსაკრებელს გადაიხდიან მცირე ბიზნესის წარმომადგენლებიც, მათ შორის მინიმალური ხელფასის 10%-ის ოდენობით, რაც ამჟამად შეადგენს 8 000 გრივნას თვეში (დაახლოებით 190 აშშ დოლარი).
უკრაინის მთავრობის გათვლით, საგადასახადო ცვლილებებმა წელს ბიუჯეტში უნდა შეიტანოს დამატებით 58 მილიარდი გრივნა (დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარი), ხოლო მომავალ წელს – 137 მილიარდი გრივნა (დაახლოებით 3.7 მილიარდი დოლარი).
უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ ეს სახსრები საჭიროა არმიის დაფინანსებაში არსებული დეფიციტის დასაფარად, რაც მხოლოდ წელს 500 მილიარდ გრივნას შეადგენს (დაახლოებით 13.5 მილიარდ დოლარს).
პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის თქმით, დამატებითი სახსრები საჭიროა მობილიზაციის ჩასატარებლად.
„ვიცით, რომ თითოეული სამხედროს დაფინანსება ბიუჯეტისთვის ჯდება 1.2 მილიონი გრივნა [დაახლოებით 32.5 ათასი დოლარი]. შესაბამისად, როდესაც ვიღებთ ახალ ადამიანებს, უნდა გავზარდოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების ბიუჯეტი“, – განაცხადა შმიგალმა.
შმიგალის განმარტებით, საერთაშორისო პარტნიორები არ გამოყოფენ სახსრებს უკრაინის არმიისთვის, ამიტომ კიევი მას აფინანსებს შიდა რესურსებიდან, რომლებიც შედგება გადასახადებისგან, ასევე შიდა ფინანსურ ბაზარზე აღებული სესხებისგან.
„ერთ-ერთ წყაროდ ჩვენ ვხედავთ სამხედრო მოსაკრებლის გაზრდას და უკრაინის საზოგადოებაში სამხედრო მოსაკრებლის სამართლიანი განაწილების საკითხს“, – განაცხადა დენის შმიგალმა.