უკრაინის რადა მოუწოდებს მსოფლიოს, არ აღიარონ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა
უკრაინის რადა მოუწოდებს მსოფლიოს, არ აღიარონ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. შესაბამისი მიმართვა რადას წევრებმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.
რადას წევრები მიმართავენ გაერო-ს, ევროკომისიას, ეუთო-ს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეებს და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებს, მოუწოდებენ მათ, არ დაუშვან თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარება. მიმართვას მხარი დაუჭირა 331-მა დეპუტატმა.
დოკუმენტში უკრაინელი დეპუტატები გმობენ რუსეთის ყოველგვარ მცდელობას, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარონ.
ასევე, უმაღლესი რადას წევრები მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაადასტურონ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დაგმონ რუსეთის ქმედებები, რომლებიც მიმართულია მსოფლიოში და უკრაინაში ვითარების გაუარესებისკენ.
უკრაინის პარლამენტი ასევე ითხოვს, განიხილონ რუსეთის გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრად ყოფნის მიზანშეწონილობა და ასევე უკრაინის საზღვრებთან ესკალაციის საკითხზე გაერო-მ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართოს.
მიმართვაში უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, რაც კონფლიქტის ესკალაციის პრევენციას მოემსახურება.