უკრაინის ქალაქ დნიპროში 4 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
რუსეთის ძალების მიერ ქალაქზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში ავრცელებს.
დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის განცხადებით, იერიშის შედეგად დაზიანებულია ორი სკოლა, სამი საბავშვო ბაღი და სამედიცინო დაწესებულება.
დნიპროზე დარტყმის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ მოკავშირეებს მიმართა და კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემისკენ მოუწოდა.
„ამ რუსული ტერორის შეჩერება მხოლოდ ორ რამეს შეუძლია – საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს და ჩვენი შეიარაღების შორ მანძილზე მოქმედებას. მსოფლიოს შეუძლია ადამიანების სიცოცხლის დაცვა და ამისთვის საჭიროა ლიდერების სიმტკიცე. სიმტკიცე, რომელსაც შეუძლია და რომელმაც კვლავ ნორმად უნდა აქციოს ტერორისგან დაცვა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.