უკრაინის პროკურატურა - უკრაინიდან სააკაშვილის გაძევება მაიდნის 2014 წლის მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესს გააჭიანურებს
უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის გაძევება მაიდნის 2014 წლის მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესს გააჭიანურებს. ამის შესახებ ტელეკომპანია ICTV-ის ეთერში უკრაინის გენერალური პროკურატურის სპეციალური გამოძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსეი დონსკოიმ განაცხადა.
პროკურორი იზიარებს მაიდანზე დაღუპულთა ოჯახების ადვოკატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩვენება „ქართველი სნაიპერების“ საკითხს ნათელს მოფენდა.
„ჩვენ შეგვიძლია ამის მტკიცება, რადგან სააკაშვილი წინასწარი გამოძიების დროს დაკითხეს. მან არა მხოლოდ უარყო, არამედ მოიყვანა უტყუარი ფაქტები, რომლებიც მიუთითებენ, რომ მოვლენები, რომლებზეც ეს „ქართველი სნაიპერები“ საუბრობენ, ვერ მოხდებოდა“, – განაცხადა დონსკოიმ.
უკრაინის გენერალური პროკურატურის სპეციალური გამოძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იტალიურ ფილმში ნახსენებ „ქართველი სნაიპერებს“ ყალბი და აბსურდული ინფორმაცია უწოდა.
„ჩვენთვის უკიდურესად მნიშველოვანია, სასამართლოს ვაჩვენოთ, რომ ასეთი „ფეიკების“ ნდობა არ შეიძლება, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ასეთი ფილმები კიდევ გაჩნდება“, – აღნიშნა დონსკოიმ.
„ეს იყო ინფორმაციის აბსურდული შეგდება – ჩვენ ეს ამ მაგალითზე უნდა გვეჩვენებინა. სააკაშვილმა კი მოიყვანა ფაქტები, რომლებსაც ამის გაკეთება საფუძვლიანად შეეძლოთ“, – აღნიშნა უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა.
ამავე დროს, მან განაცხადა, რომ ამ საკითხზე გამოძიება მაინც გაგრძელდება.
„ამ ფილმის საკითხი მეორეხარისხოვანია, თუმცა საჭიროა მისი უარყოფა. სააკაშვილის გარეშე ეს რთულია, თუმცა არა შეუძლებელი“, – განაცხადა დონსკოიმ.
2017 წლის ნოემბერში ერთ-ერთი იტალიური ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ფილმი სახელწოდებით „უკრაინა, დაფარული ჭეშმარიტებები“. ფილმის ავტორთა მტკიცებით, 2014 წლის 20 თებერვალს მაიდანზე სამართალდამცველებსა და აქტივისტებს ორი ქართველი და ორი ლიტველი სნაიპერი ესროდა, რომლებსაც უკრაინელი და ამერიკელი ხელმძღვანელობდნენ. უკრიანის გენერალური პროკურატურა აღნიშნულ ინფორმაციას ყალბს უწოდებს. თუმცა „ქართველი სნაიპერების“ ვერსიას იყენებს სპეცრაზმ „ბერკუტის“ ყოფილი წევრების დაცვის მხარე, რომლის მტკიცებითაც 2014 წლის თებერვალში სამართალდამცველებსაც გაუხსნეს ცეცხლი.
ბრალდებული ყოფილი „ბერკუტელების“ საქმეზე სასამართლოზე მოწმის სახით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც უნდა დაეკითხათ.
2014 წელს მაიდნის მოვლენების დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.