უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ დენის მონასტირსკი უკრაინის ერთ-ერთ ცხელ წერტილში მიფრინავდა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი უკრაინის ერთ-ერთ ცხელ წერტილში მიფრინავდა, როდესაც ავიაკატასტროფა მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ ბროვარში ბრიფინგზე განაცხადა.
„ფრენის მიზანი საქმიანი იყო. ერთ-ერთ ცხელ წერტილში. შეიძლება ითქვას, ცხელ წერტილში, რომლებიც არის ჩვენს ქვეყანაში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. იქ მიემართებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი“, – განაცხადა ტიმოშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, დამატებითი ინფორმაცია ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით საზოგადოებას მოგიანებით მიეწოდება.
ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღსა და საცხოვრებელ სახლს შორის ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა – შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.