უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - მოლაპარაკება დაფუძნებული უნდა იყოს საღ აზრზე, მხოლოდ სრულფასოვანი მოლაპარაკებები
რუსეთში იციან ჩვენი შეხედულება და პოზიცია მოლაპარაკების ფორმატთან დაკავშირებით, ამიტომ კომენტარები, თითქოს ჩვენ მოლაპარაკებაზე უარი ვთქვით, მხოლოდ მათი ტაქტიკის ნაწილია, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა გააკეთა.
მისი თქმით, „ნებისმიერი ომი აუცილებლად სრულდება მოლაპარაკებით“.
„უკრაინამ მოისმინა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პოზიცია, რაც რუსეთში გაჟღერდა. მათ იციან ჩვენი შეხედულება და პოზიცია მოლაპარაკების ფორმატთან დაკავშირებით. ამიტომ მათი კომენტარები, თითქოს ჩვენ მოლაპარაკებაზე უარი ვთქვით, მხოლოდ მათი ტაქტიკის ნაწილია. მათ მოლაპარაკების პროცესის დაწყებამდე სურთ ამ პროცესის ჩიხში შეყვანა. ნათელია, რომ სხვა მიდგომაა საჭირო. მოლაპარაკება უნდა იყოს დაფუძნებული საღ აზრზე და იყოს ისეთი, რომ გადაწყვეტილებები მიღებული იქნას უკრაინელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. უკრაინელებმა მათი წინააღმდეგობით დაამტკიცეს, რომ ჩვენი დაყენება კუთხეში არარეალისტური ამბიციაა. ტყუილს იმის შესახებ, თითქოს რუსეთმა ბრძანება გასცა სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, უარყოფს თავად რეალობა, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ღამით და დღეს დილით. ბრძოლა იყო სასტიკი, მაქსიმალური ინტენსივობით. სწორედ იმიტომ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი კატეგორიულად არ იღებს უკრაინისთვის ნებისმიერ მიუღებელ პირობას და ულტიმატუმს. მხოლოდ სრულფასოვანი მოლაპარაკებები“, – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.