მიხეილ სააკაშვილის მომხრეები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ
მიხეილ სააკაშვილის მომხრეები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მომხრეებმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც ამჟამად მიტინგი მიმდინარეობს, საბურავები მიიტანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია გრძელდება. მიტინგზე რამდენიმე ათეული ადამიანი ამ დრომდე რჩება. ადმინისტრაციის შენობა პოლიციისა და უკრაინის ეროვნული გვარდიის თანამშრომლების გაძლიერებული დაცვის ქვეშაა.

მიტინგის მონაწილეებს შორის პერიოდულად გაისმის შეძახილები „სირცხვილი“ და „გადადექი“. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეკრება მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობს. მომიტინგეებს არ დაუნთიათ ადგილზე მიტანილი საბურავები. გამომსვლელები ე.წ. თავისუფალი მიკროფონის პრინციპით საუბრობენ.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გააძევეს.

უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი კიევიდან, 12 თებერვალს ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ჩარტერული რეისით გაფრინდა.

შეგახსენებთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში SULUGUNI  დააკავეს. სოციალურ მედიაში სააკაშვილის დაკავების ვიდეომასალაც გავრცელდა.