უკრაინის პრემიერი - გვინდა, არ ჩამოვრჩეთ საქართველოს და მასთან ერთად მივიღოთ ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა
უკრაინას ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება საქართველოსთან ერთად სურს, – ამის შესახებ ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
„დღეისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენს მოკლევადიან სტრატეგიას წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება წარმოადგენს. ჩვენ გვინდა, არ ჩამოვრჩეთ საქართველოს და მივიღოთ საქართველოსთან ერთად მაპ-ი, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. მიმაჩნია, რომ ჩვენი შეხვედრა არის საკმაოდ პოზიტიური და მნიშვნელოვანი სიმბოლური გზავნილი. ასევე, ის გვაძლევს ჩვენ კარგ მუხტს და კარგ იმედს“, – განაცხადა დენის შმიგალმა.
თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინამ კონცენტრირება უნდ მოახდინოს რეფორმებზე, რომლებიც მას ნატო-ს წევრობასთან დააახლოებს.
„ნატო-ს კარი ღია რჩება. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწვიეთ ქვეყნები ალიანსში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ნატო გაფართოვდა მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებით და ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2008 წელს უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ გადაწყვეტილებას და აღნიშნული სამიტის შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ვფიქრობ, რომ ახლა ფოკუსი უნდა გაკეთდეს რეფორმებზე და მე მივესალმები პრემიერ-მინისტრის მკაფიო გზავნილს რეფორმების გაგრძელების საჭიროებასთან დაკავშირებით იმისათვის, რომ დავრწმუდნეთ, უკრაინას გააჩნია დემოკრატიული პოლიტიკური კონტროლი თავის თავდაცვით ინსტიტუტებზე და შეიარაღებულ ძალებზე; რომ ის განაგრძობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.