უკრაინის მთავრობა საეკლესიო ქონების აღწერას იწყებს
უკრაინის მთავრობა საეკლესიო ქონების აღწერას იწყებს

უკრაინის მთავრობა საეკლესიო ქონების აღწერას იწყებს. საქმე ეხება მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომელსაც უკრაინის კულტურის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი კომისია შეაფასებს და აღწერს.

როგორც რუსული მედია წერს, მოსკოვის საპატრიარქომ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ წერილი უკვე მიიღო.

მოსკოვის საპატრიარქოში განაცხადეს, რომ აღნიშნულმა ინიციატივამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საეკლესიო ქონებას, რომელიც, მათი თქმით, არაღიარებული ეკლესიების ხელში აღმოჩნდება.

უკრაინაში ამჟამად სამი მართლმადიდებლი ეკლესია მოქმედებს, რომელთაგან ამ დროისთვის მხოლოდ ერთი, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიაა აღიარებული.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა 7 აგვისტოს კიევში საკუთარი წარმომადგენლები გააგზავნა, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭების პროცესში უნდა დაეხმარონ. ეს გადაწყვეტილება რუსეთის საპატრიარქოში გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ უარს ამბობენ იმ სტრუქტურებში ყოფნაზე, რომლებსაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ.

რამდენიმე დღის წინ კიევის პატრიარქმა, ფილარეტმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ავტოკეფალიის მიღების შემდეგ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიში ყველაზე დიდი გახდება.