უკრაინის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის „ტავრიის“ მეთაური აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები საარტილერიო ჭურვების უკმარისობას განიცდიან
უკრაინის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის „ტავრიის“ მეთაური ალექსანდრ ტარნავსკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები საარტილერიო ჭურვების უკმარისობას განიცდიან და უცხოური დახმარების ნაკლებობის გამო ზოგიერთი სამხედრო ოპერაციის მასშტაბი შეამცირეს.
ამის შესახებ მან სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„არის პრობლემა საბრძოლო მასალებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით 122 და 152-მილიმეტრიან პოსტსაბჭოთა ჭურვებზე და დღეს ეს პრობლემები არსებობს ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ“, – განაცხადა ტარნავსკიმ.
მისი თქმით, საარტილერიო ჭურვების ნაკლებობა ძალიან დიდი პრობლემაა და უცხოური სამხედრო დახმარების შემცირება აისახება ბრძოლის ველზე.
„დახმარების ის მოცულობები, რომლებიც დღეს გვაქვს, არ არის ჩვენთვის საკმარისი, ჩვენი საჭიროების გათვალისწინებით. ამიტომ ჩვენ მას ვანაწილებთ. ჩვენ ამოცანებს ხელახლა ვგეგმავთ და ვამცირებთ მათ, რადგან მათთვის ჩვენ უზრუნველყოფა გვჭირდება“, – განაცხადა ტარნავსკიმ.
„ტავრიას“ მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე უკრაინელი სამხედროები თავდაცვაზე გადავიდნენ, თუმცა ზოგ მონაკვეთზე შეტევას ცდილობენ. მისი თქმით, რუსეთის ძალები ასევე განიცდიან პრობლემებს საბრძოლო აღჭურვილობასთან დაკავშირებით.
ტარავსკიმ ავდეევკაში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მდგომარეობა იქ „ყოველ დღე და ყოველ ღამე იცვლება“.
„მჯერა, რომ ჩვენ დღეს მტკიცედ ვინარჩუნებთ ამ ხაზებს. დღეს მტერი ჩვენზე ზეწოლას ახდენს თავისი რაოდენობით. ისინი არასდროს ზრუნავდნენ და არ იზრუნებენ მათ პირად შემადგენლობაზე“, – აღნიშნა ტარნავსკიმ.