უკრაინის გენშტაბი - რუსი სამხედროები აგრძელებენ დაბომბვებს, ცდილობენ, სრულად გაანადგურონ ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი უბნები, კონცენტრირდებიან საწვავის შესანახ ობიექტებზე
უკრაინის გენშტაბი - რუსი სამხედროები აგრძელებენ დაბომბვებს, ცდილობენ, სრულად გაანადგურონ ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი უბნები, კონცენტრირდებიან საწვავის შესანახ ობიექტებზე

რუსი სამხედროები აგრძელებენ სარაკეტო-საარტილერიო დაბომბვებს, ცდილობენ, სრულად გაანადგურონ უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი უბნები და ასევე კონცენტრირდებიან საწვავის შესანახ ობიექტებზე. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, რუსი ოკუპანტების მოქმედებების მიზანია ლოგისტიკური მხარდაჭერის გართულება და ჰუმანიტარული კრიზისისთვის პირობების შექმნა.

გენშტაბის ცნობებით, ამავდროულად, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით, კიევის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვის, ხერსონისა და ხარკოვის რეგიონების ოკუპირებულ დასახლებებში რუსი ოკუპანტები ადგილობრივ მოსახლეობას ატერორებენ.

„ისინი ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს. ძარცვავენ, იტაცებენ და მძევლად ჰყავთ მშვიდობიანი მოქალაქეები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციებს აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებებით, აგრეთვე ახორციელებენ კონტრშეტევებს ზოგიერთი მიმართულებით.

„დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით გაერთიანებული ძალების დაჯგუფებამ გასული დღის განმავლობაში მტრის შვიდი შეტევა მოიგერია. ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს 12 ერთეული ტანკი, 10 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა და სამი ერთეული საავტომობილო ტექნიკა. მტერმა ცოცხალი ძალის დანაკარგებიც განიცადა“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

გარდა ამისა, 28 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ოკუპანტების 17 ერთეული საფრენი აპარატი დააზიანეს – რვა ერთეული თვითმფრინავი, სამი ერთეული ვერტმფრენი, ოთხი ერთეული დრონი და ორი ერთეული საკრუიზო რაკეტა.

გენშტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე რუსი ოკუპანტების ცოცხალმა დანაკარგებმა 17 200 ჯარისკაცი შეადგინა.

29 მარტის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა 597 ერთეული ტანკი, 1 710 ერთეული ჯავშანტექნიკა, 303 ერთეული საარტილერიო სისტემა, 96 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 54 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 127 ერთეული თვითმფრინავი და 129 ერთეული ვერტმფრენი. ასევე, ოკუპანტებმა დაკარგეს 1178 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, შვიდი ერთეული საზღვაო ხომალდი, 73 ერთეული საწვავ-საპოხი ავზი, 71 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი, ოთხი ერთეული სარაკეტო გამშვები სისტემა და 21 ერთეული სპეციალური ტექნიკა.