უკრაინის დაზვერვის უწყებაში აცხადებენ, რომ არ აქვთ სანდო ინფორმაცია, თუ ვინ იმყოფებოდა ბელგოროდში ჩამოგდებულ რუსულ თვითმფრინავში
ჯერჯერობით არ არის სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ჩამოგდებულ რუსულ „ილ-76“-ის თვითმფრინავში, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
უკრაინის დაზვერვის უწყების ცნობით, სამხედრო ტყვეების გაცვლა დღეს უნდა მომხდარიყო, მაგრამ არ შედგა.
უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ აღნიშნა, რომ უკრაინამ შეასრულა ყველა შეთანხმება გაცვლის მოსამზადებლად, ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედრო მოსამსახურეები დროულად მიიყვანეს გაცვლისთვის შეთანხმებულ ადგილას, სადაც ისინი უსაფრთხოდ იყვნენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინა არ იყო ინფორმირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის, მარშრუტებისა და ტყვეების გადაყვანის ფორმების შესახებ.
„ჩვენი დამცველების უსაფრთხოება, შეთანხმებების მიხედვით, რუსული მხარისგან უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ამავდროულად, უკრაინული მხარე არ იყო ინფორმირებული ქალაქ ბელგოროდის მიდამოში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როგორც არაერთხელ გაკეთებულა წარსულში. ცნობილია, რომ ტყვეების გადაყვანა ხდება საჰაერო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით. ეს შეიძლება, მიუთითებდეს რუსეთის მიერ მიზანმიმართულ ქმედებებზე, რომელიც მიზნად ისახავს პატიმართა სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თვითმფრინავი ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში ჩამოვარდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ჩამოვარდილ „ილ-76“-ის ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ცნობით, ჩამოვარდნილ „ილ-76“-ის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ამასთან, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს რაკეტები გადაჰქონდა. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, უკრაინელმა სამხედროებმა „ილ 76“-ი, რომლის ბორტზეც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, ბელგოროდში ორი საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს.