უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, პირველი არხის ეთერში გამართული მარათონის მიმდინარეობისას 674 380 ლარი შეგროვდა

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, საქველმოქმედო მარათონის – „ჩვენ უკრაინისთვის“ მიმდინარეობისას, ამ დროისთვის 674 380 ლარი შეგროვდა.

საქველმოქმედო მარათონი საქართველოს პირველმა არხმა, წითელ ჯვართან ერთად გამართა. თანხა წითელი ჯვრის ანგარიშზე ირიცხებოდა.

მარათონი საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გავიდა და მასში ჩართვის შესაძლებლობა სატელეფონო ზარის საშუალებით, ან საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, საზოგადოების ყველა წევრს ჰქონდა.

„ჩვენ უკრაინისთვის“ – საქველმოქმედო მარათონში ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა, შესრულდა კომპოზიციები საქართველოს პირველი არხის მუსიკალური პროექტებიდან.

საქველმოქმედო მარათონი არის საზოგადოებრივი მაუწყებლების სოლიდარობის აქცია მთელ ევროპაში. მარათონმა სტარტი ვარშავაში აიღო, დღეს თბილისსა და პრაღაში, შემდეგ ტალინსა და ბუქარესტში, ასევე მთელი ევროპის ყველა დედაქალაქში საქველმოქმედო მარათონები გაიმართა, მიზანი კი ერთია – უკრაინელი ხალხის დახმარება.