უკრაინელი გენერალი ალექსანდრ ტარნავსკი აცხადებს, რომ კიევმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან კასეტური საბრძოლო მასალები უკვე მიიღო
უკრაინამ უკვე მიიღო კასეტური საბრძოლო მასალები ამერიკის შეერთებული შტატებისგან,- ამის შესახებ „ტავრიის“ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების მეთაურმა, ალექსანდრ ტარნავსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ტარნავსკის თქმით, უკრაინელ სამხედროებს ეს საბრძოლო მასალა ჯერ არ გამოუყენებიათ.
„ჩვენ ახლახან მივიღეთ საბრძოლო მასალები, თუმცა ჯერ არ გამოგვიყენებია. მათ შეუძლიათ რადიკალურად შეცვალონ სიტუაცია ბრძოლის ველზე. მტერს ესმის, რომ ამ საბრძოლო მასალის მიღების შემდეგ ჩვენ გვექნება უპირატესობა. ისინი დათმობენ ტერიტორიის იმ ნაწილს, სადაც მათი გამოყენებაა შესაძლებელი“, – განაცხადა მეთაურმა ტარნავსკიმ.
ტარნავსკიმ აღნიშნა, რომ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი სამხედრო სარდლობა მიიღებს.
გენერლის თქმით, უკრაინამ პირობა დადო, რომ არ გამოიყენებს კასეტურ საბრძოლო მასალას მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, იმ შემთხვევაშიც, თუ მათ რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ.