უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კიევში დაბრუნდა და მოვალეობების შესრულებას შეუდგა
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე მიმდინარე წლის 21 აპრილს დაბრუნდა კიევში და შეუდგა მოვალეობების შესრულებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩმა შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან და მინისტრის მოადგილესთან ვასილ ბოდნართან.
„შეხვედრებზე უკრაინული მხარე მიესალმა თბილისის გადაწყვეტილებას ელჩის დაბრუნების თაობაზე და პოზიტიურად შეაფასა აღნიშნული ნაბიჯი განსაკუთრებით უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ესკალაციის ფონზე. შეხვედრებზე აღინიშნა საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობების აქტიური დინამიკა.
საქართველოს ელჩმა ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელ ხალხს.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.