უკრაინაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებსა და საკვირაო სკოლებს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადაეცათ
უკრაინაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებსა და საკვირაო სკოლებს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადაეცათ

დონეცკში საქართველოს კონსულმა, ირაკლი ადვაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები გადასცა ქალაქ დნიპროში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაცია „ქართული სულის” საკვირაო სკოლის აღსაზრდელებს, ეროვნულ-კულტურულ საზოგადოება „საქართველოს“, მასთან არსებულ ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრსა და ზაპოროჟიეში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაცია „შოთა რუსთაველის” საკვირაო სკოლას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმძღვანელოების გადაცემის შემდეგ, საქართველოს კონსული გაესაუბრა ქართული ენის შემსწავლელი კურსის პედაგოგებსა და მოსწავლეებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობას და აღინიშნა ის ინიციატივები, რომლებიც უწყებას აქვს საზღვარგარეთ ქართული დიასპორისა და სამშობლოსთან მათი კავშირის გასაძლიერებლად.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მომზადდა საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის  ქართული ენის სწავლების ინტეგრირებული პროგრამა და სახელმძღვანელო, რომელიც საკვირაო სკოლებს სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცემათ.