კვიპროსში კიდევ ერთი ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა
კვიპროსში კიდევ ერთი ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა

ქალაქ ლიმასოლში ახალი ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა. საქართველოს საელჩოსა და კვიპროსის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მოლაპარაკების შედეგად, საკვირაო სკოლა ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გახსნის ცერემონიაზე კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ლომინაძემ მოსწავლეებსა და მშობლებს სიტყვით მიმართა  და წარმატებული ახალი სასწავლო წელი უსურვა.

ელჩმა  იმ სიახლეებსა და წამახალისებელ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელთა გამართვა წლის განმავლობაში საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის იგეგმება. აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მათ გადაეცემათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოები.

ლიმასოლში ახლადგახსნილ ქართულ საკვირაო სკოლაში 30-მდე მოსწავლე ირიცხება. ბავშვებს  ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ხატვის, მუსიკისა და სპორტის გაკვეთილები ჩაუტარდებათ.

კიდევ ერთი ქართული საკვირაო სკოლა  კვიპროსში, ქალაქ ნიქოზიაში მდებარეობს.