უკრაინამ ყირიმის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის სტრატეგია დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებმა უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გაავრცელა.
„ისტორიული დოკუმენტი, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს უნდა მიგვეღო, დამტკიცებულია. ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ ჩვენ არა მხოლოდ მსოფლიოს მოვუწოდებთ, დაგვეხმაროს ყირიმის დაბრუნებაში, არამედ უკრაინა თავადაც სერიოზულად და სისტემურად არის დაკავებული ამ საქმით პრეზიდენტის ინიციატივით“, – ნათქვამია კულებას განცხადებაში.
მისივე თქმით, ყირიმის დაბრუნების სტრატეგია სამ პრინციპს ეფუძნება.
„ესენია კონსოლიდაცია – ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორების ძალისხმევის გაერთიანებისთვის, სინერგია – საერთაშორისო კანონმდებლობის აღდგენა და ამის შედეგად ყირიმზე უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენა“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაიძაბა. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე მხარეს არის მსხვერპლი.