უკრაინამ საგარეო ვალის გადახდა დროებით შეაჩერა
უკრაინამ საგარეო ვალის გადახდა დროებით შეაჩერა

უკრაინამ საგარეო ვალის გადახდა დროებით შეაჩერა. შესაბამის კანონს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა.

კანონის მიხედვით, უკრაინას აქვს უფლება, დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის საგარეო ვალდებულებების დაფარვა პირველ ოქტომბრამდე შეაჩეროს. ვალის პირველი გადახდა უკრაინას პირველ აგვისტოს უწევდა.

უკრაინის უმაღლესი რადის საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის, როკსოლანა პოდლასის თქმით, ეს კანონპროექტი რესტრუქტურიზაციის მნიშვნელოვანი ელემენტია, რაც უკრაინას მისცემს საშუალებას, სუვერენული ევროობლიგაციების გადახდაზე 2027 წლამდე 10 მილიარდი დოლარი დაზოგოს.

მისივე მტკიცებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ამ კანონს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ცნობისთვის, 22 ივლისს უკრაინის ხელისუფლება კრედიტორებთან საგარეო ვალების ნაწილის რესტრუქტურიზაციაზე შეთანხმდა. როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ვალების მომსახურებისთვის განკუთვნილი გადახდების გადავადების შედეგად დაზოგილი თანხა ქვეყნის ყოველდღიურ საჭიროებებს მოხმარდება. რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დაწყების შემდეგ უკრაინის საგარეო ვალი მკვეთრად გაიზარდა და 2023 წლის ბოლოს 141 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს უკრაინის საგარეო ვალმა, შესაძლოა, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 100%-ს გადააჭარბოს.