უკრაინა საქართველოს მავრიტანიის სანაპიროსთან ქართული დროშის ქვეშ მცურავი ხომალდის კატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიების თხოვნით მიმართავს
უკრაინა საქართველოს მავრიტანიის სანაპიროსთან ქართული დროშის ქვეშ მცურავი ხომალდის კატასტროფასთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების ჩატარების თხოვნით მიმართავს, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ უკრაინის მეთევზეობის მეურნეობის სახელმწიფო სააგენტოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს დროშის ქვეშ მცურავმა ხომალდმა სახელწოდებით „ივან გოლუბეცი“ მავრიტანიის სანაპიროსთან კატასტროფა გასულ კვირას განიცადა, რასაც ორი მეზღვაური ემსხვერპლა. ერთ-ერთი გარდაცვლილი უკრაინელია. ბორტზე ეკიპაჟის 89 წევრს შორის 29 უკრაინელი იყო.
უკრაინული მედიის ცნობით, თევზსაჭერი გემი „ივან გოლუბეცი“ საქართველოს სავაჭრო ფლოტის საერთაშორისო რეესტრში დროებით იყო რეგისტრირებული. ხომალდი საქართველოს დროშის ქვეშ დაცურავდა და თვზჭერას ძირითადად მავრიტანიისა და ბელიზის ტერიტორიულ წყლებში ახორციელებდა.
აღსანიშნავია, რომ ხომალდი უკრაინის სახელმწიფო კომპანია „სერვისს“ ეკუთვნის. როგორც უკრაინის მეთევზეობის მეურნეობის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, უწყებამ საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს მიმართა თხოვნით, ჩაატაროს ინციდენტის საკუთარი გამოძიება მავრიტანიის შესაბამისი ორგანოების ჩართულობით. არსებული ინფორმაციით, ხომალდზე ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ეკიპაჟის ევაკუაცია სხვა თევზსაჭერი გემის ბორტზე განხორციელდა. მავრიტანიის პორტში გადაყვანის დროს კი, „ივან გოლუბეცი“ ჩაიძირა.