უკრაინა რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმს შორის სარკინიგზო მიმოსვლის დაწყებას აპროტესტებს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთსა და ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულს შორის სარკინიგზო მიმოსვლის დაწყებას აპროტესტებს.
შესაბამისი განცხადება ზელენსკის ადმინისტრაციაში მას შემდეგ გააკეთეს, რაც დღეს ქერჩის სრუტეზე აგებულ ხიდზე პირველმა მატარებელმა გაიარა, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტმა იმგზავრა. პუტინი მემანქანეების კაბინაში იმყოფებოდა. სარკინიგზო მიმოსვლის დაწყების აღსანიშნავად რუსეთის პრეზიდენტი დღეს ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ჩავიდა, რაც ასევე გააპროტესტეს კიევში.
„დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ნებისმიერი ვიზიტი დაშვებულია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის გავლით, ხერსონის ოლქიდან და უკრაინის მხარესთან შეთანხმებით. რუსეთი ქმედებები არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების უგულებელყოფა“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზელენსკის ოფისში განაცხადეს, რომ „რუსეთის ქმედებები ვერ შეცვლის ყირიმის სტატუსს, რომელიც უკრაინის კონსტიტუციაშია გაწერილი და საერთაშორისოდ არის აღიარებული – ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა და სევასტოპოლი უკრაინის განუყოფელი ნაწილია“.