უკრაინა 2025 წელს შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის წარმოებისთვის რეკორდულ თანხას, 55 მილიარდ გრივნას გამოყოფს
უკრაინა 2025 წელს შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის წარმოებისთვის რეკორდულ თანხას, 55 მილიარდ გრივნას გამოყოფს, – ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა, გერმან სმეტანინმა განაცხადა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მთლიანი თანხიდან 54.55 მილიარდი გრივნა მიმართული იქნება წარმოების განვითარებისთვის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და თავდაცვითი საწარმოების სიმძლავრეების გაზრდისთვის. ეს 3.5 მილიარდი გრივნით მეტია 2024 წლის ბიუჯეტთან შედარებით, რომელიც დაახლოებით 51 მილიარდს შეადგენდა.
ამასთან, მთავრობა 500 მილიონ გრივნას გამოყოფს თავდაცვითი საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი სესხების პროგრამის მხარდასაჭერად. ეს პროგრამა მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, მიიღონ სესხები წლიური 5%-იანი განაკვეთით, დანარჩენ საპროცენტო განაკვეთს კი სახელმწიფო აკომპენსირებს.