უკრაინა 2024 წლის ზაფხულზე ან შემოდგომაზე ოთხი ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რათა ომის გამო დაკარგული სიმძლავრეები დააკომპენსიროს
უკრაინა 2024 წლის ზაფხულზე ან შემოდგომაზე ოთხი ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რათა ომის გამო დაკარგული სიმძლავრეები დააკომპენსიროს

უკრაინა 2024 წლის ზაფხულზე ან შემოდგომაზე ოთხი ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რათა ომის გამო დაკარგული ენერგეტიკული სიმძლავრეები დააკომპენსიროს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშენკომ სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ოთხივე რეაქტორი ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე აშენდება. ორი ენერგობლოკი აშენდება რუსული წარმოების აღჭურვილობის საფუძველზე, რომლის იმპორტირებასაც უკრაინა ბულგარეთიდან გეგმავს, დანარჩენ ორში კი გამოყენებული იქნება დასავლური ტექნოლოგიები.

ახალი რეაქტორებით უკრაინას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კომპენსირება სურს, რომელსაც ამჟამად რუსეთის ძალები აკონტროლებენ. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტების პირველი შედეგების მიღება 2,5 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამჟამად უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სამი ელექტროსადგური აწარმოებს ქვეყნის ელექტროენერგიის საჭიროების 55%-ზე მეტს. 1990 წლის აგვისტოში უკრაინის უმაღლესმა რადამ ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაზე მორატორიუმი გამოაცხადა, თუმცა 1993 წელს მორატორიუმი გაუქმდა.