უხილავი ძალის წყალობით, სატურნის მთვარე ენცელადის სიღრმეში შეიძლება არამიწიერი სიცოცხლე ყვავის
უხილავი ძალის წყალობით, სატურნის მთვარე ენცელადის სიღრმეში შეიძლება არამიწიერი სიცოცხლე ყვავის

ისინი პირველად 12 წლის წინ შევნიშნეთ. თითქოს დიდი არაფერი — ყინულის ნაპრალებიდან ამოტყორცნილი წყლის ორთქლის ჭავლები სატურნის სუსხიანი მთვარის, ენცელადის სამხრეთ პოლუსზე.

ეს იყო 2005 წელს — ბევრად ადრე, სანამ NASA-ს კოსმოსური ხომალდი „კასინი“ მსხვერპლად შეეწირებოდა მეცნიერებას და სამრადისოდ ჩაყვინთავდა პლანეტა სატურნში. თუმცა, ზონდის მიერ დაფიქსირებულ ჰიდროთერმულ შხეფებს ბოლომდე ახსნა მაინც ვერ მოეძებნა. მაგრამ ამჟამად, შეიძლება პასუხი უკვე გვაქვს და ეს პასუხი კიდევ უფრო ზრდის იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღესაც, ენცელადზე არამიწიერ სიცოცხლეს ვიპოვით.

„საიდან იღებს აქტიურობისთვის საჭირო ენერგიას ენცელადი, შეიძლება ვთქვათ, რომ ყოველთვის საიდუმლოდ რჩებოდა“, — ამბობს საფრანგეთის ნანტის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგი გაელ შობლე.

„თუმცა ამჯერად, უფრო დეტალურად განვიხილავთ თუ როგორ უნდა თამაშობდეს საკვანძო როლს საჭირო ენერგიის გამომუშავებაში მთვარის მყარი ბირთვი“.

მეცნიერთა აზრით, ენცელადის სუსხიან გარემოში მჩქეფარე ჭავლები მოედინება მლაშე წყლის ვრცელი გლობალური ოკეანიდან, რომელიც მთლიან მთვარეზე შემოკრული ყინულოვანი ქერქის ქვეშაა გაწოლილი.

მკვლევართა შეფასებით, ყინულის ამ ქერქის საშუალო სისქე 25 კილომეტრია სიღრმეში, თუმცა, სამხრეთ პოლუსის რეგიონში სისქე 1 კმ-მდე მცირდება, სადაც წარმოიქმნება ჰიდროთერმული შხეფები.

კასინის მიერ ამ ჭავლებში დაფიქსირებული მინერალების ციცქნა ფრაგმენტები გვაფიქრებინებს, რომ შხეფებში არსებული მარილები და სილიციუმის დიოქსიდის მტვერი წარმოქმნილია ენეცელადის კლდოვან ბირთვში, ცხელი, დაახლოებით 90°C წყლისა და ქანების ურთიერთქმედების შედეგად.

მაგრამ იმისათვის, რომ ეს ურთიერთქმედება მოხდეს, წყალთან ერთად თანაარსებობისათვის, ბირთვში უნდა იყოს სივრცე და ის უნდა იყოს ფორებიანი, ანდა უფრო ფაფუკი.

„როგორიც არ უნდა იყოს ბირთვის შემადგენლობა ქანების თვალსაზრისით, მასში აუცილებლად უნდა იყოს წყალი, თანაც დაახლოებით 20-30%“, — უთხრა შობლემ New Scientist-ს.

ახალ სიმულაციებში, ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ სატურნის გარშემო ელიფსური ორბიტის წყალობით წარმოქმნილი მოქცევითი მოძრაობები უნდა აცხელებდეს ენცალედის ბირთვში არსებულ წყალს, რადგან ქანების ფრაგმენტებს შორის მოძრაობისა და ცირკულირებისას, წარმოიქმნება ხახუნი.

წყლის ტემპერატურის ზრდასთან ერთად (აღწევს 90°C-ს, ნარინჯისფრად შეფერილი ნაწილები ფოტოზე), იგი ბირთვის ფორებიდან ამოდის, სიცხეს გადასცემს გლობალურ ოკეანეს და იწვევს ჭავლების წარმოქმნას, რომელთაგან ზოგიერთი, ენცელადის გაყინულ გულს ადნობს და საბოლოოდ, ყინულოვანი ჭავლების სახით კოსმოსში გაიტყორცნება.

ფოტო: NASA/JPL-Caltech/Space Science Institute/LPG-CNRS/U. Nantes/U. Angers/ESA

„წყლის ტრანსპორტირება მოქცევით გაცხელებულ შეღწევად ბირთვში, საბოლოოდ მთავრდება ღრმა წყლების ზედაპირზე ამოღწევით, რომლის ტემპერატურაც 90°C-ს აჭარბებს. მძლავრი ცხელი წერტილებით განსაკუთრებით ხასიათდება სამხრეთ პოლუსის ზღვის ფსკერი“, — წერენ მკვლევრები.

ამ ფენომენის მიერ წარმოქმნილი სითბო და ენერგია ჭავლებს უნდა ტყორცნიდეს ენცელადის პოლარულ რეგიონებში, რითაც კარგად აიხსნება თუ რატომაა იქ ყინულის ქერქი თხელი. ჯგუფის ვარაუდით, ეს პროცესი უკვე მილიარდობით წელია მიმდინარეობს და ათბობს ოკეანეს.

ენცელადის შესახებ ჩატარებული ერთ-ერთი წინა კვლევის მიხედვით კი, ჭავლები შესაძლოა წარმოქმნილია მთვარის ბირთვის ქანების რადიოაქტიური დაშლით.

ეს რომ ასე იყოს, ამ პროცესს სითბოს გამოყოფა მხოლოდ რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში შეეძლებოდა, რაც არაა საკმარისი დრო სიცოცხლის აღმოცენებისა და განვითარებისთვის ენცელადის გაყინულ ნიღაბს ქვეშ დამარხულ ზომიერ ოკეანეში.

მაგრამ დროის ბევრად უფრო დიდ მონაკვეთში — მილიარდობით წლის განმავლობაში — სიცოცხლემ ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვას და საკუთარი გზა უნდა ჰპოვოს.

„თბილი გლობალური ოკეანე და თანაც რამდენიმე მილიარდ-წლიანი არსებობით, დიდებული ადგილი უნდა იყოს სიცოცხლის აღმოცენებისთვის. დედამიწაზე სიცოცხლეს მხოლოდ 640 მილიონი წელიწადი დასჭირდა, რათა მიკრობებიდან ძუძუმწოვრებამდე განვითარებულიყო“, — წერს გაერთიანებული სამეფოს ღია უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერი მონიკა გრადი The Conversation-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

„მიუხედავად ამისა, სამწუხაროა, რომ თავად ენცელადი გაცილებით ახალგაზრდაა: როგორც ერთ-ერთი ბოლო კვლევა გვთავაზობს, ეს მთვარე შეიძლება სულ რაღაც 100 მილიონი წლის წინ დაიბადა. საკმარისია თუ არა ეს დრო სიცოცხლის აღმოცენებისთვის?“

ყველაზე საინტერესო კითხვა ახლა სწორედ ესაა.

კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

ენცელადის სტრუქტურა
ენცელადის სამხრეთ პოლუსიდან ამოტყორცნილი წყლის ჭავლები. კასინის მიერ გადაღებული ფოტო
კასინის გავლა ენცელადის წყლის ჭავლებში. მხატვრული წარმოსახვა

 

კასინის მიერ გადაღებული ენცელადი

მომზდებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

ფოტოები: NASA