უხანიდან ევაკუირებულ საქართველოს სამ მოქალაქეს თურქეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები გაესაუბრებიან
ჩინეთის ქალაქ უხანიდან ევაკუირებულ საქართველოს სამ მოქალაქეს თურქეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები გაესაუბრებიან. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ განუცხადა.
ელჩის თქმით, უხანიდან ჩამოყვანილ პირებს ანკარის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაიყვანენ.
„ჰოსპიტალის ერთი ბლოკი მთლიანად დაცლილია და მხოლოდ ეს მოქალაქეები იქნებიან. სულ 42 მოქალაქეა, აქედან სამი საქართველოსი. საკარანტინო ვადას სავარაუდოდ გაივლიან ამავე ჰოსპიტალში.
ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება კონსული და საელჩოს რეფერენტი. ისინი გაესაუბრებიან ჩვენს მოქალაქეებს. მათ მოგვიანებით მეც შევუერთდები.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან თურქული მხარე გამოკვლევების შედეგებს მოგვიანებით გვაცნობებს“, – აცხადებს გიორგი ჯანჯღავა.
ამასთან, ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა თურქეთის მხარის კეთილი ნება იყო.
ანკარაში ცოტა ხნის წინ დაეშვა თურქეთის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც უხანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.
ავტორი -
გიორგი იდუკაშვილი