გამოცდილება ასაკთან ერთად მოდის. გამოცდილებასთან ერთად კი მოდის წელის ტკივილი, დაღლილი ძვლები, მრავალი სხვადასხვა დაავადების რისკის ზრდა.
მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ გაარკვიონ, როგორ შეაჩერონ სიბერის ასეთი ტკივილები და დიდხანს, ჯანმრთელად ვიცხოვროთ.
მართალია, ჯერ ადამიანებში გამოყენებისთვის ჯერ ადრეა, მაგრამ ახალ კვლევაში, თაგვებში ჩატარებული უჯრედების „ნაწილობრივი გადაპროგრამება“ ფრიად დამაინტრიგებელი შედეგებით დასრულდა.
„აღტაცებული ვართ, რომ ამ მიდგომის გამოყენება ცხოველებში მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეგვიძლია დაბერების შესანელებლად. მეთოდი თაგვებში უსაფრთხო და ეფექტიანია“, — ამბობს კვლევის ავტორი, სალკის ინსტიტუტის განვითარების ბიოლოგი ხუან კარლოს ისპისუა ბელმონტე.
მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ თაგვის თირკმელებსა და კანში ქსოვილები „გაახალგაზრდავდა“, რაც იმას ნიშნავს, რომ გენების ექსპრესია, რაც იწვევს ანთებას, უჯრედების სიკვდილს და სტრესულ პასუხს, დამუშავებულ ცხოველებში შემცირდა. კანი მეტად გაიზარდა და ნაკლებად დანაოჭდა, იმისგან სრულიად საპირისპიროდ, რაც სიბერეში ხდება.
ამას გარდა, საპირისპირო მიმართულებით წავიდა ცხოველების ეპიგენეტიკური საათები — დნმ-ის მეთილირების დონეების მახასიათებელთა საზომი, რაც დაბერებასთანაა დაკავშირებული.
„გარდა იმისა, რომ ებრძვის ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებს, ამ მიდგომამ ბიოსამედიცინო საზოგადოებას შეიძლება ქსოვილებისა და ორგანიზმის ჯანმრთელობის აღდგენის ახალი ხელსაწყო მისცეს, ამისათვის, ის აუმჯობესებს უჯრედის ფუნქციას და გამძლეობას სხვადასხვა დაავადებათა სიტუაციებში, მაგალითად, ნეიროდეგენერაციულ დაავადებებში“, — ამბობს ისპისუა ბელმონტე.
იქამდე ჯერ დიდი გზაა, რადგან კვლევა ჯერ მხოლოდ თაგვებზე ჩატარდა, მაგრამ მეთოდი უსაფრთხო და ეფექტიანი ჩანს საკმაოდ დიდი ხნით და ჰიპოთეტურად, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ადამიანებს დაეხმაროს სიბერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მომენტების დაძლევაში, თუკი თაგვებში მიღებული ეფექტები ადამიანებშიც იგივე აღმოჩნდება.
კვლევაში მკვლევრებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს იმ ოთხი კარგად ცნობილი ცილით, რომლებიც დნმ-ის ექსპრესიას არეგულირებენ — Oct4, Sox2, Klf4 და c-Myc; ერთობლივად მათ „იამანაკას ფაქტორებს“ უწოდებენ იმ მეცნიერის პატივსაცემად, რომელმაც ეს მეთოდი პირველად გამოიყენა ღეროვან უჯრედებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია ზრდასრული უჯრედების კვლავ ღეროვან უჯრედებად გადასაქცევად, ამავე ჯგუფმა წინა კვლევაში აჩვენა, რომ მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია უჯრედების „ნაწილობრივ გადასაპროგრამებლად“, მათი უფრო ახალგაზრდა მდგომარეობაში გადაყვანის გზით, მაგრამ ისინი კვლავ სრულად ღეროვანი უჯრედები აღარ ხდებიან.
თუ ასეთივე რამ ცხოველის სხეულში საკმარისი ოდენობის უჯრედებზე მოხდა, პოტენციურად შესაძლებელია, რომ მთლიანი ორგანიზმის საათი გააახალგაზრდაოს.
ვინაიდან ეს უკვე იცოდნენ, მკვლევრებს სურდათ ენახათ, რა მოხდებოდა ამ თაგვებში, როდესაც მათ იამანაკას ფაქტორებს დიდი ხნის განმავლობაში მოარგებდნენ.
ახალ კვლევაში, ფაქტორები სამი სხვადასხვა გზით გამოიყენეს. პირველი ცდა ხანმოკლე იყო: 80 დღის თაგვების (ადამიანის დაახლოებით 80 წლის ეკვივალენტი) ასაკის ჯგუფს ფაქტორებით ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ.
მეორე და მესამე ჯგუფს უფრო დიდხანს მკურნალობდნენ, ერთი ჯგუფი დოზებს რეგულარულად იღებდა 15 თვის ასაკიდან 22 თვის ასაკამდე (ადამიანის დაახლოებით 50-70 წლის ეკვივალენტი), მეორე ჯგუფი კი 12 თვის ასაკიდან 22 თვის ასაკამდე (ადამიანის დაახლოებით 35-70 წლის ეკვივალენტი).
ერთი თვის განმავლობაში ნამკურნალევ თაგვებს ასაკის უკუქცევის რაიმე ნიშნები არ ეტყობოდათ, მაგრამ ხანგრძლივად ნამკურნალევ ორ ჯგუფს გაახალგაზრდავების ნიშნები კიბოსა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკის ზრდის გარეშე აღენიშნებოდათ.
„საერთო ჯამში, კვლევამ მოგვცა იმის პროვოკაციული ნიშნები, რომ გრძელვადიანი ნაწილობრივი გადაპროგრამება იმედისმომცემია ინტერვენციის სახით, რომელმაც შეიძლება აღადგინოს და გააახალგაზრდაოს ზოგიერთი ქსოვილის ფუნქციები“, — ამბობენ მკვლევრები, არიანა მარკელი და ჯორჯ დეილი, რომლებიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილან.
მათივე განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავი ის არის, რომ ნაწილობრივმა გადაპროგრამებამ წარმატებით აღძრა სისტემური ტრანსკრიპტომიური, მეტაბოლომიური და ლიპიდომიური ცვლილებები და შეცვალა ეპიგენეტიკური საათი. ამას გარდა, ჩვეულებრივ დაბერებულ თაგვში ამ შედეგებზე დაკვირვება გვაძლევს იმის დამატებით მტკიცებულებას, რომ ეს მიდგომა შეიძლება სასარგებლო იყოს დაავადების მდგომარეობის მიღმაც.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდს ალბათ გრძელი გზა აქვს ადამიანებში გამოყენებამდე, მაინც ფრიად ამაღელვებელია, როგორ ვითარდება დაბერების საწინააღმდეგო მეცნიერება.
კვლევა Nature Aging-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია salk.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.