უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირზე პირველი ფინალისტი გამოვლინდა. ექვსი საათი და 36 წუთის ხანგრძლივობის ნახევარფინალში სამხრეთაფრიკელმა კევინ ანდერსონმა ამერიკელი ჯონ ისნერი დაამარცხა – 7:6(6), 6:7(5), 6:7(9), 6:4, 26:24 .
ჩოგბურთელებმა ჯამში 102 ეისი შეასრულეს. აქედან 53 ეისი ისნერს ჰქონდა, 49 – ანდერსონს. ამერიკელს 129 “ვინერსი” დაუგროვდა, მაგრამ 59 უნებლიე შეცდომა დაუშვა, აფრიკელის ანგარიშზე – 118 “ვინერსი” და 24 შეცდომა იყო. ანდერსონმა 11-დან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ისნერმა – ხუთიდან ორი.
შეგახსენებთ, კევინ ანდერსონმა მეოთხედფინალში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა ასევე ხუთ სეტში. ბოლო პარტიის ანგარიში იყო – 13:11.
ანდერსონის მეტოქე ფინალში ესპანელი რაფაელ ნადალისა და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის შეხვედრაში გაირკვევა.