უილიამ ბერნსი - ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებულმა აჯანყებამ რუსეთზე ომის დამანგრეველი გავლენა აჩვენა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებულმა აჯანყებამ აჩვენა რუსეთზე უკრაინის წინააღმდეგ ომის დამანგრეველი გავლენა.
„გასაოცარია, რომ პრიგოჟინის ქმედებებს წინ უძღვოდა მისი მხრიდან გამანადგურებელი ბრალდებები კრემლის მიმართ უკრაინაში შეჭრის ცრუ გამართლებასა და რუსი სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ომის წარმართვის შესახებ. ამ სიტყვებისა და ქმედებების გავლენა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საგრძნობი იქნება, რაც არის მკვეთრი შეხსენება პუტინის ომის დამანგრეველი გავლენის შესახებ საკუთარ საზოგადოებასა და საკუთარ რეჟიმზე“, – აღნიშნა მოსკოვში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ოქსფორდში გამართულ ლექციაზე.
ბერნსმა ამბოხს „რუსული სახელმწიფოსთვის შეიარაღებული გამოწვევა“ უწოდა და აქვე აღნიშნა, რომ ეს იყო „რუსეთის შიდა საქმე, რომელშიც შეერთებულ შტატებს არ მიუღია და არც მიიღებს მონაწილეობას“.