დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „აბსოლუტური სიცრუეა“ დასავლელი ლიდერების განცხადებები, რომ ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში კრემლის ბრძანებით დაიღუპა
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „აბსოლუტური სიცრუეა“ დასავლელი ლიდერების განცხადებები, რომ ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში კრემლის ბრძანებით დაიღუპა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლელი ლიდერების განცხადებები იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში კრემლის ბრძანებით დაიღუპა, „აბსოლუტური სიცრუეა“.

პესკოვის თქმით, ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აუცილებელია, კონკრეტული ტესტის შედეგებს დაელოდონ.

„ახლა დიდი სპეკულაციაა თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და თვითმფრინავის მგზავრების, მათ შორის ევგენი პრიგოჟინის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ. რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველა ეს სპეკულაცია ცნობილი კუთხით არის წარმოდგენილი. ეს ყველაფერი აბსოლუტურად სიცრუეა და ამ საკითხის გაშუქებისას აუცილებელია ფაქტებზე დაყრდნობა. ჯერ ბევრი ფაქტი არ არის, ეს საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობისას უნდა დადგინდეს, რომელიც ახლა მიმდინარეობს“, – აღნიშნა პესკოვმა.

კითხვაზე, მიიღო თუ არა კრემლმა პრიგოჟინის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური დასტური, პესკოვმა განაცხადა: „ყურადღებით თუ მოუსმინეთ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, მან თქვა, რომ ყველა საჭირო ტესტი, მათ შორის გენეტიკური ტესტები, ახლა ტარდება. ოფიციალური შედეგები როგორც კი მზად იქნება, გამოქვეყნდება“, – განაცხადა პესკოვმა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ათივე მგზავრი დაიღუპა. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა. რუსული მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის ადგილზე ათივე ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.