უგრძესი სწორხაზოვანი საზღვაო მარშრუტი, რომელზეც ხმელეთი არსად შეგხვდებათ
უგრძესი სწორხაზოვანი საზღვაო მარშრუტი, რომელზეც ხმელეთი არსად შეგხვდებათ

დედამიწის დაახლოებით 71 პროცენტს ოკეანე ფარავს. თუ ნავსადგურიდან ზღვაში შეხვალთ და მოგზაურობას დაიწყებთ, შეიძლება ასობით ან ათასობით კილომეტრი ისე გაიაროთ, რომ ხმელეთი ვერ იხილოთ. მაგრამ საინტერესოა, რა მარშრუტი მოგცემთ ყველაზე შორეული მოგზაურობის საშუალებას ისე, რომ სულ სწორ ხაზზე იმოძრაოთ და ხმელეთსაც არსად შეხვდეთ?

ჯერ კიდევ 2012 წელს, Reddit-ის მომხმარებელმა kepleronlyknows-მა მსოფლიოს საკმაოდ საინტერესო რუკა დაპოსტა, რომელზეც გავლებულია ხაზი პაკისტანიდან რუსეთისკენ ინდოეთის, ატლანტის და წყნარი ოკეანეების გავლით. პოსტერის აღწერაში ნათქვამი იყო, რომ ეს გახლდათ ყველაზე გრძელი სწორი გზა, რომელზე მოგზაურობითაც ხმელეთს არსად შეხვდებით. პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ ამ პეტენზიის მათემატიკურად დამტკიცება უკიდურესად რთული იყო.

ახლახან კომპიუტერულ ტექნოლოგიათა ორმა მეცნიერმა, როჰან ჩაბუკშვარმა და კუშალ მუხერჯიმ, გამოსავლის საპოვნელად სპეციალური ალგორითმი შექმნეს. პრობლემა ის არის, რომ ყოველი სწორხაზოვანი გზის ხელით შემოწმებას წლები სჭირდება, ამიტომ მკვლევრებმა მიმართეს გაცილებით სწრაფ მეთოდს, რომელსაც branch and bound-ს უწოდებენ.

ალგორითმი ერთმანეთის მსგავს გზებს ერთნაირ „განშტოებებად“ აჯგუფებს, შემდეგ კი ამ შტოებს ერთმანეთთან მიმართებაში აფასებს. როცა ალგორითმი ყველაზე წარმატებულ ტოტს პოულობს, განშტოებებს უფრო პატარა ტოტებად ყოფს და პროცესს კვლავ იმეორებს. ეს დრამატულად ამცირებს იმ გამოთვლათა რაოდენობას, რომლებიც მკვლევრებს ოკეანეებში გამავალი უგრძესი სწორხაზოვანი მარშრუტის მოსაძებნად სჭირდებოდათ.

მკვლევართა მიხედვით, პაკისტანი-რუსეთის გზა ნამდვილად არის უგრძესი სწორხაზოვანი მარშრუტი, რომელზეც ხმელეთს არსად გადააწყდებით. მისი სიგრძე 32 088 კილომეტრია, ანუ პლანეტის გარშემოწერილობაზე დაახლოებით 8000 კმ-ით ნაკლები.

გარდა ამისა, მკვლევრებმა განსაზღვრეს უგრძესი სწორხაზოვანი სახმელეთო მარშრუტი — ჩინეთის ქალაქ ძინძიანიდან პორტუგალიის დასახლება საგრეშამდე. მისი სიგრძე 11 239 კილომეტრია.


მიუხეავად ყველაფრისა, თუ მაინც ეჭვი გეპარებათ, რომ პაკისტანი რუსეთის მარშრუტი მართლაც სწორი ხაზია, წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც ეს ხაზი Google Earth-შია ასახული.

მომზადებულია Popular Mechanics-ის მიხედვით