უძველესი ადამიანები გიგანტურ ზარმაცებზე ნადირობდნენ - აღმოჩენილია ნაკვალევი
უძველესი ადამიანები გიგანტურ ზარმაცებზე ნადირობდნენ - აღმოჩენილია ნაკვალევი

უსიცოცხლო, ნელა მოძრავი ზარმაცა დღეისათვის ათასობით მემეს შთაგონების წყაროა. თუმცა უძველეს ხანაში, ამ სახეობის გიგანტური წარმომადგენლები ზომით ბევრად აღემატებოდნენ ადამიანებს და ეს დიდი, ბრჭყალებიანი მხეცები სულაც არ იყვნენ ასე სასაცილონი.

სამწუხაროდ, ხმელეთის უკანასკნელი გიგანტური ზარმაცები ათასობით წლის წინ გადაშენდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა უკვე შეგვიძლია გავარკვიოთ მათი გაქრობის მიზეზი — ადამიანები მათზე სასტიკად ნადირობდნენ.

ამ მოსაზრების საფუძველს ნიუ-მექსიკოში, თეთრი ქვიშების ეროვნული მონუმენტის ტერიტორიაზე გაკეთებული ახალი აღმოჩენა იძლევა.

მლაშე, მტვრიან დაბლობზე მეცნიერებმა ადრეულ ადამიანთა ნაფეხურები იპოვეს. უცნაური არა თავად ნაკვალევი, არამედ აღმოჩენის ადგილია: ადამიანის ნაფეხურები დატოვებულია გიგანტური ზარმაცას 50-სანტიმეტრიან ნაფეხურებს შიგნით.


საერთო ჯამში, მლაშობ დანალექებში აღმოჩენილია 10-ზე მეტი ნაფეხური-ნაფეხურში, რაც ნათლად მიუთითებს ადამიანებსა და გიგანტურ ზარმაცებს შორის 11000 წლის წინ მიმდინარე სასიკვდილო „თამაშზე“.

„ზარმაცას ნაფეხურებში დატოვებული ადამიანის ნაფეხურები ზუსტად მის პარალელურადაა განლაგებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მდევარი ადამიანები მათ განზრახ მიყვებოდნენ უკან. საჭირო იყო მდევარ ადამიანს ნაბიჯები განზრახ ჩაედგა ზარმაცას ნაფეხურებში“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბრიტანეთის ბურნმაუსის უნივერსიტეტის გეომორფოლოგი მეთიუ ბენეტი.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია იმის დაზუსტებით თქმა, რატომ მალავდნენ უძველესი ადამიანები ნაკვალევს ამ გზით, მაგრამ ნაფეხურები აშკარად მიუთითებს, რომ ზარმაცებს ისინი უბრალოდ კი არ მიჰყვებოდნენ, არამედ მათზე ნადირობდნენ.

მკვლევრები დიდი ხანია ვარაუდობდნენ, რომ უძველეს ადამიანებს მართლაც უნდა ენადირათ ამ გიგანტურ ქმნილებებზე ხორცისა თუ ბეწვის გამო, მაგრამ ეს ნაფეხურები ამ მოსაზრების პირველი მტკიცებულებაა ამერიკის კონტინენტზე.

გარდა ნაფეხურში არსებული ნაფეხურებისა, ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია სხვა ახლო ნაკვალევიც, რაც სავარაუდოდ, ზარმაცების თავდაცვით ქცევებზე მიუთითებს მას შემდეგ, რაც ისინი ადამიანებს გადაეყრებოდნენ.


ნაკვალევში შეინიშნება მიმართულებათა მკვეთრი, უცაბედი ცვლილებები, რაც სავარაუდოდ მიუთითებს, როგორ ცდილობდა დაღლილი ზარმაცა ადამიანებისგან გაქცევას. შეიმჩნევა წრიული ნაკვალევიც, რაც ალბათ, განწირული ცხოველის უკანასკნელი ნაბიჯებია.

„წრიული ნაკვალევი მიუთითებს თავდაცვით ქცევაზე, როდესაც ზარმაცები უკანა კიდურებზე დგებოდნენ და წინა თათებს თავდაცვის მიზნით ითავისუფლებდნენ“, — წერენ მკვლევრები.

თუმცა, ძნელია იმის გადაჭრით თქმა, რატომ ჩაგრავდნენ ადამიანები ზარმაცებს ათასობით წლის წინ. შესაძლოა, ეს სულაც არ ყოფილა ნადირობა და წარმოადგენდა ჩვენი წინაპრების ერთგვარ გასართობს, რაშიც მკვლევართა ჯგუფს ეჭვი ეპარება და უფრო ნადირობის იდეას ემხრობა.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Atlantic-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით