უძველეს მონადირე-შემგროვებელ ადამიანს მთლიანი შხამიანი გველი ჰქონდა გადაყლაპული - არქეოლოგიური აღმოჩენა
ტეხასის A&M უნივერსიტეტისა და უიჩიტის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა იპოვეს მტკიცებულება, რომელიც მეტყველებს, რომ ადრეულ მონადირე-შემგროვებელ ადამიანს შხამიანი გველი მთლიანად აქვს შეჭმული.
ტეხასის შტატში, მდინარე პეკოსისა და რიო-გრანდეს შერწყმის ადგილის სიახლოვეს, 1960-იან წლებში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თავშესაფარი, რომელსაც ერთ დროს იყენებდნენ ადრეული მონადირე-შემგროვებელი ადამიანები. თავშესაფრის ერთ ნაწილში მათ იპოვეს დიდი ოდენობით განმარხებული ფეკალია, რაც მიუთითებდა, რომ ამ ადგილს ტუალეტად იყენებდნენ.
ნიმუშების ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ ფეკალიები 1500 წლის წინ მცხოვრებ ადამიანებს ეკუთვნოდა. საერთო ჯამში, მკვლევრებმა ფეკალიების 1000-ზე მეტი ნიმუში შეაგროვეს, რომელთაგან ზოგიერთი შეისწავლეს, ზოგი კი სპეციალურ მოწყობილობებში დალუქეს. ახლახან, მეცნიერებმა სწორედ ეს დაკონსერვებული ნიმუშები შეისწავლეს.
მკვლევართა ცნობით, ერთ-ერთი ფეკალია ნამდვილ სიურპრიზს შეიცავს — გადაუმუშავებელ მთლიან შხამიან ჩხრიალა გველს, რომელსაც მხოლოდ ერთი ეშვი აკლია. მათი განცხადებით, ეს ამ სახის პირველი აღმოჩენაა. მეცნიერთათვის აქამდეც ცნობილი იყო, რომ ადრეული მონადირე-შემგროვებლები გველებს ჭამდნენ, მაგრამ ქვეწარმავალს ისინი ყოველთვის აცლიდნენ თავს და სხვა ნაწილებს, მაგალითად ფარფლებს და ძვლებს.
მკვლევართა ცნობით, მათ მიერ შესწავლილი ნიმუშის გვერდით აღმოჩენილი კიდევ ერთი ნიმუში 1529 – 1597 წლის წინანდელია. მათი თქმით, ამ პერიოდში ეს რეგიონი მშრალი და ცხელი იყო და ადამიანები იძულებული უნდა ყოფილიყვნენ, თავის გადასარჩენად ენადირათ პატარა ცხოველებზე და შეეგროვებინათ ისედაც მეჩხერი მცენარეულობა.
გარდა შხამიანი გველისა, ფეკალიის ნიმუშში ასევე იპოვეს მთლიანი პატარა მღრღნელი, შროშანისებრი, აგავასებრი მცენარეებისა და ეკლიანი კაქტუსების ბოჭკოები.
მკვლევართა აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ ადამიანს მთლიანი შხამიანი გველი კვებითი ღირებულების გამო შეეჭამა. ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი საშიში ქმედება სარიტუალო ცერემონიის დრო განახორციელეს. ფეკალიაში გველის განთავსების ფორმიდან გამომდინარე, მკვლევრები გამორიცხავენ, რომ ქვეწარმავალი იქ შემდეგში მოხვედრილიყო.
მომზადებულია Gizmodo-ს მიხედვით.