უძველეს ასურულ ტაძრებში გამოსახული იდუმალი კოდი სავარაუდოდ საბოლოოდ გაშიფრეს — #1tvმეცნიერება
უძველესი ფერწერული კოდი, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტია მეცნიერებს საგონებელში აგდებს, შესაძლოა, საბოლოოდ გაიშიფროს, რაც კიდევ უფრო მეტ ცნობას მოგვცემს ძლევამოსილი ასურეთის იმპერიის შესახებ, რომელიც ძვ. წ. მე-14 – მე-7 საუკუნეებში იყო გადაჭიმული ახლო აღმოსავლეთის დიდ ნაწილში.
საქმე ეხება მეფე სარგონ II-სთან დაკავშირებულ სიმბოლოებს, რომელიც ძვ. წ. 721–704 წლებში ზეობდა. მოკლე ფორმაში, სიმბოლოები მოიცავს ლომს, ლეღვის ხეს და გუთანს. გრძელ ფორმაში კი მიმდევრობით ხუთი სიმბოლო გვხვდება: ჩიტი და ხარი ლომის შემდეგ, შემდეგ ხე და გუთანი.
ეს გამოსახულებები ქალაქ დურ-შარუქინის ტაძრებში რამდენიმე ადგილას გვხვდება; ეს ქალაქი ცოტა ხნით იყო ასურეთის დედაქალაქი. მიწაში ჩაფლული ამ უძველესი ქალაქის ნაშთები XIX-XX საუკუნეებში გათხარეს.
თუმცა, მას შემდეგ საკამათო იყო ამ სურათების მნიშვნელობა — ღმერთებს ასახავდა, ზებუნებრივ ძალებს, მეფის ძალაუფლებას თუ ეგვიპტურ იეროგლიფთა მცდელობას.
„მსოფლიოს ეს რეგიონი დღევანდელი ერაყის, თურქეთისა და სირიის ტერიტორიებზეა მოქცეული და ხშირად ცივილიზაციის აკვანს უწოდებენ. სწორედ იქ დაიბადა ქალაქები და იმპერიები და მისი ისტორია კაცობრიობის ისტორიის უდიდესი ნაწილია“, — ამბობს დუბლინის სამების კოლეჯის ასირიოლოგი მარტინ ვორტინგტონი.
ვორტინგტონმა ყველა მინიშნებას ერთად მოუყარა თავი და დაასკვნა, რომ ეს სურათები სარგონის სახელს ამბობს — იდეა, რომელიც პირველად 1948 წელს გაჩნდა.
მან ეს მოსაზრება კიდევ უფრო განავრცო იმ იდეით, რომ სიმბოლოები ასევე შეიძლება აღნიშნავდეს თანავარსკვლავედებს. განზრახვა მარტივი უნდა ყოფილიყო — პატივი მიეგოთ სუვერენული მეფისთვის, მისი სახელის ვარსკვლავებში ჩაწერით და ღმერთებთან ასოცირებით.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ინტერპრეტაცია ეხება გრაფიკული კოდის როგორც მოკლე, ისე გრძელ ფორმებს. წინა თეორიების მიხედვით, ნახატები შეიძლება მეფეს და ღამის ცას ასახავდა, მაგრამ ეს პირველი კვლევაა, როცა ყველა იდეას სისტემურად მოუყარეს თავი ერთად.
ვორტინგტონი დეტალურად აღწერს გამოყენებული ენის ახსნას:
„მაგალითად, ასურული სიტყვა „ხე“ სიტყვა „ყბის“ მსგავსად ჟღერს, რაც იმ თანავარსკვლავედის სახელია, რომელიც იმ დროის ხალხისთვის ნაცნობი უნდა ყოფილიყო. ამას გარდა, ეს თანავარსკვლავედები დაკავშირებული იყო უძველეს ღმერთებთან, რას სარგონის კიდევ ერთი პატივისცემაა“.
მისი განცხადებით, ხუთი სიმბოლოს ეფექტი სარგონის სახელის ზეცაში სამარადისოდ ატანა იყო — ჭკვიანური გზა მეფის სახელის უკვდავსაყოფად.
მოძრავი ლომების სიმბოლოები ძველ ასურეთში ასევე ასახავდა სარგონის სახელს, ისევე როგორც ძლიერი კავშირები ჰქონდა სამეფო ფიგურებთან, რაც კიდევ უფრო ადასტურებს კავშირს ამ ვიზუალური კოდის გრძელ ვერსიებში.
მესოპოტამიური ცივილიზაციები კაცობრიობის ისტორიისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იყო მრავალ ასპექტში. შესაბამისად, მათი უკეთესად შესწავლა მრავალ ახალ ცნობას მოგვცემს იმ პერიოდის შესახებ.
კვლევა Bulletin of the American Society of Overseas Research-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.