უცნაური ნაფეხურები მიუთითებს, რომ ნეანდერტალები ვულკანზე ამოფრქვევიდან სულ რამდენიმე საათში აცოცდნენ
ლეგენდის მიხედვით, შორეულ წარსულში, ეშმაკი სამხრეთ იტალიაში არსებული ერთ-ერთი ვულკანიდან ამოძვრა და დაბლა ჩამოვიდა, მისი ნაკვალევი კი სამუდამოდ გაქვავდა.
ამ ნაკვალევს „ჩამპატე დელ დიავოლოს“, ანუ „ეშმაკის ნაკვალევს“ უწოდებენ, მაგრამ როგორც ახალი დეტალები მიუთითებს, ამ ნაკვალევის ისტორია გაცილებით საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ ეშმაკისეული ამბავი.
ეს იდუმალი ნაკვალევი კარგად არის ცნობილი ვულკან როკამონფინას სიახლოვეს მცხოვრებთათვის; ეს გახლავთ ჩამქრალი ვულკანი სამხრეთ იტალიაში, რომელიც უკვე ათობით ათასი წელია, რაც არ ამოფრქვეულა.
2001 წლიდან მოყოლებული, მეცნიერები ცდილობდნენ ახსნა მოეძებნათ ადამიანის წინაპართა მცირე ჯგუფის მიერ დატოვებული ათეულობით ნაფეხურისთვის; მთის კალთაზე დატოვებულია რამდენიმე ცხოველის ნაკვალევიც.
როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, რამდენიმე ინდივიდი მთაზე მართლაც ავიდა და უკანაც დაბრუნდა.
ბოლო წლებში, რამდენიმე ექსპედიციამ დეტალური გაზომვები ჩაუტარა 67 ღრმულს, რომელიც დატოვებულია ფეხებითა და ხელებით; ისინი სამ განსხვავებულ ნაკვალევად იყოფა და მთის მწვერვალიდან დაბლა მოემართება.
იტალიის სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენელ მეცნიერთა ერთობლივი ჯგუფის უახლესი კვლევის წყალობით, ახლა ხელთ გვაქვს დეტალები კიდევ 14 ნაფეხურის შესახებ; ისინი სხვებზე დიდია და ზოგიერთი მათგანი მთისკენ ამავალია და არა ჩამომავალი.
ქანების სხვადასხვა ფენის რადიომეტრული და გეოლოგიური დათარიღებით ცნობილი გახდა, რომ ნაკვალევი დატოვებულია 350 000 წლის წინ, ამოფრქვევისას გადმოსული ფერფლის რბილ ფენაზე. შედეგად, ეს გახლავთ ადამიანის ერთ-ერთი უძველესი ნაკვალევი, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი.
საინტერესოა, ვინ დატოვა ეს ნაკვალევი? ვულკანურ დანალექებში არსებულ ამ ღრმულთა ფორმებიდან გამომდინარე, გადაჭრით რაიმეს თქმა ძნელია.
ნაკვალევი სულ მცირე ხუთი სხვადასხვა სხეულის მიერ არის დატოვებული. დამატებითი კვლევების საშუალებით, შესაძლებელია გაჩნდეს მოსაზრებები მათი სქესის, სხეულის წონისა და სიმაღლის შესახებ.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ჰომო საპიენს წინაპრებს მათი სახასიათო თვისებები დაახლოებით 315 000 წლის წინ განუვითარდათ, გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაკვალევის დამტოვებლები ჩვენს სახეობას არ ეკუთვნოდნენ.
მეცნიერებმა რამდენიმე საკვანძო დეტალს მიაგნეს.
ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ნაფეხური მიუთითებს, რომ ის ზრდასრულ მამრ ადამიანს ეკუთვნის.
მრავალი სხვა ნაფეხურის ფორმა ასევე საინტერესო შესაძლებლობებზე მიუთითებს. მეცნიერებმა ადვილად გაარკვიეს, რომ ამ ინდივიდების ფეხის ფორმა საეჭვოდ ჰგავს ესპანეთში, „ძვლების თხრილში“ აღმოჩენილი ინდივიდებისას.
ამ 430 000 წლის სამარხში აღმოჩენილ არსებათა ვინაობა წლების განმავლობაში კამათის საგანი იყო. საბოლოოდ, მეცნიერთა დიდი ნაწილი შეთანხმდა, რომ ძვლები ნეანდერტალებს ეკუთვნის.
მეცნიერთა განცხადებით, საკმაოდ ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ვულკანზე დატოვებული ნაკვალევი ახალგაზრდა ნეანდერტალთა ჯგუფს ეკუთვნის.
თუმცა, დასკვნების გაკეთებისას მკვლევრები მაინც ფრთხილობენ.
„გადავწყვიტეთ, რომ ის ჯერჯერობით არც ერთ კონკრეტულ სახეობას არ მივაკუთვნოთ“, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ადოლფო პანაერლო.
გამოცანად რჩება, რამ აიძულა ჰომინიდთა ეს უძველესი ჯგუფი, რომ ახლად ამოფრქვეული ვულკანის ჯერ კიდევ გაუციებელ ჭვარტლსა და ფერფლში მაღლა ასულიყო; თანაც, როგორც ნაკვალევში ჩანს, სიარულისას ისინი სულაც არ ჩქარობდნენ.
იმის გათვალისწინებით, რომ ისინი მთის მწვერვალისკენ წამში დაახლოებით ერთი მეტრის სიჩქარით მიდიოდნენ, ასევე იქვე მიმოფანტული ბაზალტის არტეფაქტებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს იყო ერთი რიგითი დღე აქტიური ვულკანის „ცხოვრებაში“.
ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეძლეს მათ 300 გრადუსიანი ლავის მიერ დატოვებულ ფენაში ასე ნელა გავლა.
გათვლების საფუძველზე, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთი სვლით იქ გავლა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დანალექი სულ მცირე 50 გრადუს ცელსიუსამდე გაცივდებოდა, ანუ, ამოფრქვევიდან სულ მცირე რამდენიმე საათის შემდეგ.
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ამ მთის ძირას მცხოვრები საზოგადოების წევრები, რომლებმაც უცებ შენიშნეს მწვერვალიდან ამოტყორცნილი ცხელი ღრუბლები, კვამლი, ფერფლი და ნაცნობ ბილიკს დაადგნენ, რათა ვითარება ადგილზე შეემოწმებინათ.
ვინ იცის, იქნებ კატასტროფათა ტურიზმი სულაც არ არის ახალი?
კვლევა Journal of Quaternary Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.