უცხოეთში დისტანციური სწავლების ფორმით მიღებული განათლების აღიარებაზე ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
უცხოეთში დისტანციური სწავლების ფორმით მიღებული განათლების აღიარებაზე ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა

უცხოეთში დისტანციური სწავლების ფორმით მიღებული განათლების აღიარებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა.

შესაბამისი ცვლილებები „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ განხორციელდება, თუ ეს განათლება უცხოეთში მიღებულია დისტანციური ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ფორმით განათლების მიღება დაკავშირებულია შესაბამის ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილ ან პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებულ დისტანციურ სწავლებასთან.

ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ წარმოდგენილი რეგულაციის მოქმედება გავრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე უცხოეთში მიღებული ისეთი განათლების აღიარებაზე, რომელიც მიღებულია 2020 წელს შესაბამის ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილი, პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლებით.