უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ბავშვები „პისიარ“ ტესტის პასუხის წარმოდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან
უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ბავშვები ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისგან თავისუფლდებიან.
ამ ასაკის მოზარდების მიმართ ასევე უქმდება ვალდებულება, საზღვრის კვეთიდან მესამე დღეს „პისიარ“ კვლევა ჩაიტარონ.
აღნიშნულს ითვალისწინებს მთავრობის №322 დადეგენილებაში შესული ცვლილება, რომელიც საქართველოს მთავრობის 16 ივნისის დადგენილების შედეგად შევიდა ძალაში. ეს უკანასკნელი საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შედის ცვლილება და მისი მე-11 მუხლის 41 პუნქტს ემატება შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს „პისიარ“ კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან.“.