ამირან გამყრელიძე - „ფაიზერის“ მეორე და მესამე პარტიების შემოსვლის შემდეგ, შესაძლებელი იქნება 16 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრა
ამირან გამყრელიძე - „ფაიზერის“ მეორე და მესამე პარტიების შემოსვლის შემდეგ, შესაძლებელი იქნება 16 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრა

16-17 წლის მოქალაქეების აცრა მალე დაიწყება, მინისტრის ბრძანება უკვე მომზადებულია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედია ვებინარზე განაცხადა.

„იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირაში ეს ბრძანება გამოქვეყნდება. შესაბამისად, როცა „ფაიზერის“ მეორე და მესამე პარტია შემოვა, უკვე 16 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრა შესაძლებელი იქნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე თავს იკავებენ 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების ვაქცინაციისგან.

„რაც შეეხება 12-15 წლის მოზარდებს, ამაზე ხშირად ისმის კითხვა. ჯერ თავს ვიკავებთ. იცით, რომ ამ ასაკში ჯერ მხოლოდ კანადა, აშშ, ინგლისი, იტალია და ჯამში, რამდენიმე ქვეყანა ცრის, თავიანთი მარეგულირებლების გადაწყვეტილებით. თუმცა, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ან ევროპის წამლის სააგენტო არ აღიარებს ამას, ჩვენ თავს შევიკავებთ.

რაც შეეხება ბავშვების ინფიცირების წილს, 18 წლამდე მოქალაქეების წინ საერთო ინფიცირების მაჩვენებელში 17-18%-ია. ინფიცირებულებიდან რამდენია ჰოსპიტალიზებული ვერ გეტყვით. თუმცა, ჰოსპიტალიზაცია იზრდება იმის გამო, რომ ეს შტამები უფრო აგრესიული მიმდინარეობისაა, განსაკუთრებით „დელტა“ შტამი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ციციშვილის კლინიკაში ჩვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოში ერთ წლამდე ბავშვის „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების მეორე შემთხვევა.

„რაც შეეხება სამწუხარო შემთხვევას, ჩვენ ერთ წლამდე ბავშვებში გარდაცვალების მეორე შემთხვევა გვაქვს, ერთი ადრე იყო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იყო „დელტა“ შტამი, ეს იყო ბრიტანული ანუ „ალფა“ შტამი“, – განაცხადა გამყრელიძემ ვებინარზე.