უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლას 22 ადამიანი გააგრძელებს
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირების შედეგები ცნობილია. მიღებული შეფასების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.naec.ge.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდაზე გასული 131 გამოსაცდელიდან ზღვარი წარმატებით გადალახა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 22-მა პირმა.
გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლოთ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).
სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობდა ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის ტესტირება წელიწადში ორჯერ ტარდება. 2020 წლის ზაფხულის სესიაზე დარეგისტრირებული იყო 140-ზე მეტი პირი, მათგან გამოცდაზე 92%-ზე მეტი გამოცხადდა.