უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონო მიგრაციისთვის ხელშეწყობაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება
უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონო მიგრაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება.
შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება. ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.
კანონპროექტით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ან მისთვის უცხო ქვეყანაში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) სამიდან – ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
ამასთან, პროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყნაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ასევე სამიდან – ექვს წლამდე ვადით პატიმრობით დაისჯება.
იმ შემთხვევაში კი, თუ აღნიშნული ქმედებები ჩადენილია – არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიერ, ყალბი საბუთების გამოყენებით, გათვალისწინებულია ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, თუ ზემოაღნიშნული ქმედება ჩადენილი იქნება ორგანიზებული ჯგუფის მიერ სანქცია შვიდიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობას გულისხმობს.